პარიზში, ავტომობილთა 39-ე საერთაშორისო ფესტივალზე, პროფესიონალი დიზაინერებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ Bugatti Bolide მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ჰიპერქარად დაასახელა. შეზღუდული რაოდენობის, რბოლაზე ფოკუსირებულმა მოდელმა ჰიპერქარის კატეგორიაში ოთხ ფინალისტს შორის დამაჯერებლად გაიმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი სამი ფინალისტის სახელებს არ ასახელებენ, წესების მიხედვით, ეს უნდა იყოს „სერიული წარმოების მანქანა, რომელიც 60 000 ევროზე ძვირი ღირს, აქვს სპორტული დიზაინი და გამორჩეული წარმადობა“. თუ გავითვალისწინებთ, რომ კონკურსი ყოველწლიურია, ფინალისტი მოდელებიც 2021 წლის უნდა ყოფილიყო.

Bolide სავარაუდოდ კონკურსის მონაწილე ყველაზე ძვირიანი მანქანა იყო; ის ისტორიაში ყველაზე ექსტრემალური Bugatti-ა. მისი დიზაინი ხასიათდება მრავალი ხვრელის მქონე დაბალი ძარით, X-ის ფორმის LED ფარებითა და გაბარიტული ფარებით, სახურავზე დამონტაჟებული ჰაერმიმღები, სარბოლო სტილის უკანა ფრთა და ცენტრში განლაგებული ოთხი გამოსაბოლქვი მილი.

Bugatti-ს დიზაინის დირექტორის, აჩიმ ანშაიდტის განცხადებით, Bolide მთლიანად ახალი გამოწვევა იყო მისი გუნდისთვის.

მოდელი 2020 წლის ოქტომბერში წარსდგა საზოგადოების წინაშე, მაგრამ ერთ ეგზემპლარად, კონცეპტუალური მანქანის სახით. მომხმარებელთა მხრიდან დიდი მოწონების საპასუხოდ, 2021 წლის აგვისტოში Bugatti-მ წარმოადგინა ჰიპერქარის სარბოლო საწარმოო ვერსია, რომელიც მხოლოდ 40 ეგზემპლარად გამოვა.

კონცეპტის ფორმაში, ოთხმაგი ტურბო 8.0-ლიტრიანი W16 ძრავა 1824 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და 110 ოქტანობის სარბოლო საწვავს იყენებს. საწარმოო ვერსიის ეს მაჩვენებელი ცოტა დაბალია, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი — 1578 ცხენის ძალა და მუშაობს 98 ოქტანობის ბენზინზე.

პირველი მყიდველები Bugatti Bolide-ს 2024 წელს მიიღებენ. თითო ეგზემპლარის ფასი (სულ 40-დან) 4 მილიონი ევროა.