490,484 კმ/სთ — ეს შთამბეჭდავი სიჩქარე 2019 წელს Bugatti-ს მძღოლმა ენდი უოლასმა Chiron Super Sport 300+-ით განავითარა. სულ მალე, საწარმოო ვერსია მხოლოდ 30 ეგზემპლარად გამოვიდა; ამჯერად, ახალი მანქანის დრო დადგა. გაიცანით Super Sport-ი, რომელიც კიდევ უფრო ნაკლებ ეგზემპლარად გამოვა — მხოლოდ 9 ერთეული.

მანქანას სტანდარტულ Chiron-ზე 25 სანტიმეტრით განიერი ძარა აქვს, რათა მაღალ სიჩქარეზე უკეთესი აეროდინამიკა შეიქმნას. ორმაგი გამოსაბოლქვი სისტემა უფრო ღრმა და შთამბეჭდავ ხმას გამოსცემს, 8.0-ლიტრიანი ოთხმაგი ტურბოძრავა კი 1577 ცხენის ძალას და 1600 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.

Super Sport 300+-ისგან განსხვავებით, Chiron-ის ახალ, სპეციალურ გამოშვებას აქვს ალუმინის დისკები Y-ის ფორმის ხუთი სხივით. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მაგნიუმის დისკებიც, რომლებიც პირველად Pur Sport-ში ვიხილეთ; ამ შემთვევაში, წონა ჩვეულებრივ Chiron-ზე 23 კგ-ით ნაკლებია.

Michelin Pilot Sport Cup 2-ის სპეციალური საბურავები 500 კმ/სთ სიჩქარეზეა გათვლილი. ისინი რენტგენულად არის შემოწმებული, რომ არ ჰქონდეს მინიმალური უსწორმასწორობაც კი. ამას გარდა, საბურავებს აქვს გამაძლიერებელი სარტყელი, რათა უზარმაზარ ძალას გაუძლოს; ისინი იმავე ტესტით არის შემოწმებული, რომლითაც კოსმოსურ შატლებს ამოწმებდნენ.

შთამბეჭდავზე უფრო მეტი, უბრალოდ გასაოცარია მწარმოებლურობის მაჩვენებლები. ახალი Chiron Super Sport-ი 200 კმ/სთ სიჩქარეს 5,8 წამში ავითარებს, 300 კმ/სთ-ს კი 12,1 წამში. 0-400 კმ/სთ-მდე აჩქარება შვიდი პროცენტით უფრო სწრაფია, ვიდრე სტანდარტულ Chiron-ში. შვიდსიჩქარიანი, ორმაგი გადაბმულობის ავტომატური გადაცემათა კოლოფი შეცვლილია და ახლა 3,6 პროცენტით უფრო გრძელი მეშვიდე საფეხური აქვს. მეექვსე სიჩქარიდან მეშვიდეში გადართვა 403 კმ/სთ სიჩქარეზე ხდება.

Super Sport 300+-ის მსგავსად, ახალი Chiron-ის სიჩქარე ელექტრონულად არის შეზღუდული და მაქსიმუმი 440 კმ/სთ-ია. Bugatti-ს განცხადებით, მანქანა ამ სიჩქარეზეც კი „დაუღალავი და უსაფრთხოდ საკონტროლებელია“. წარმოების დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება.

ფასი გაინტერესებთ? 3,9 მილიონი დოლარი.