საავტომობილო ინდუსტრიამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ზომების მიღება დაიწყო.
ზოგიერთმა მწარმოებელმა რუსეთში მანქანების მიწოდება შეაჩერა, ზოგიერთმა კი წარმოება.
მრავალმა მწარმოებელმა რუს პარტნიორებთან კავშირი საერთოდ გაწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყანა მსოფლიოში მერვე ყველაზე დიდი საავტომობილო ბაზარია. შარშან რუსეთში 1 666 780 მანქანაზე მეტი გაიყიდა, უფრო ბევრი, ვიდრე კანადაში, საფრანგეთში ან გაერთიანებულ სამეფოში.
საინტერესოა, როგორ იმოქმედა ომმა ცალკეულ ავტომწარმოებლებზე. გთავაზობთ ამ დროისათვის არსებულ ცნობებს.
General Motors
General Motors-მა რუსეთში ზოგიერთი საკუთარი ბიზნესი შეაჩერა. ამერიკული კომპანია რუსეთში ექსპორტს მთლიანად აჩერებს.
„ჩვენი ფიქრები ამ მომენტში უკრაინელ ხალხთანაა. სიცოცხლის დაკარგვა ტრაგედიაა და ჩვენი უმთავრესი მიზანი ამ რეგიონის მოსახლეობის უსაფრთხოებაა“, — წერს General Motors-ი, რომელიც რუსეთში ყოველწლიურად დაახლოებით 3000 ავტომობილს ყიდის.
Hyundai
Hyundai-მ წარმოება შეაჩერა სანქტ-პეტერბურგში საკუთარ ქარხანაში, რის მიზეზადაც ნახევარგამტარების დეფიციტს ასახელებს. კომპანია უარყოფს, რომ წარმოების შეჩერებას რაიმე კავშირი აქვს უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან.
Jaguar Land Rover
Jaguar Land Rover-მა რუსეთში მანქანების მიწოდება შეაჩერა. ბრიტანული კომპანიის განცხადებით, მათი პრიორიტეტია სამუშაო ძალისა და მათი ოჯახების კეთილდღეობა.
„ამჟამინდელი გლობალური კონტექსტიდან გამომდინარე, ვაჩერებთ რუსეთის ბაზარზე მანქანების მიწოდებას და დავაკვირდებით სიტუაციას“, — წერს კომპანია განცხადებაში.
BBC-ის ცნობით, ბრიტანეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთში მანქანების გაყიდვას ძლიერ ართულებს.
Mercedes-Benz
Mercedes-Benz-მა დააანონსა, რომ უკრაინას მხარდასაჭერად ერთ მილიონ ევროს გადაურიცხავს.
Mitsubishi
Mitsubishi-მ განაცხადა, რომ შეიძლება რუსეთში წარმოება და მანქანების მიწოდება შეაჩეროს. იაპონურ კომპანიას რუსეთში 141 სადილერო პუნქტი აქვს.
Renault
დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემდეგ, Renault-ს აქციები 6,4 პროცენტით დაეცა. ფრანგული კომპანია რუსულ Avtovaz-ს ფლობს, რომელმაც ნაწილების დეფიციტის გამო წარმოება შეწყვიტა.
მიწოდების პრობლემების გამო, Renault-მ მოსკოვის ქარხანა აქამდეც უკვე დახურა. ამ ქარხანაში იწარმოებოდა მოდელები Arkana და Captur.
Torsus
ექსტრემალური სატვირთოების მწარმოებელი Torsus-ი უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გამოვიდა. ამ ქვეყანაში მისი ქარხნები და ოფისებია განთავსებული.
„Torsus-ი ამ ბრძოლაში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, მთელი ევროპის მშვიდობისთვის“.
Stellantis
Stellantis-ის ხელმძღვანელმა კარლოს ტავარესმა განაცხადა, რომ რუსეთში მისი კომპანიის ოპერირების შესახებ ნებისმიერ გადაწყვეტილება დამოკიდებულია პოლიტიკოსთა გადაწყვეტილებაზე.
„სანქციები ძლიერ მიზანმიმართულია, დადგება მომენტი, როცა ქარხნები მუშაობას ვეღარ შეძლებენ. ქალაქ კალუგაში პარტნიორობა გვაქვს Mitsubishi-სთან. ვიდრე ნაწილები ექნებათ, მათ ოპერირება შეეძლებათ; თუ ნაწილები არ გაქვს, ვერც იმუშავებ“.
ეს რუსული ქარხანა აწარმოებს Citroën-ის, Opel-ისა და Peugeot-ს მსუბუქ კომერციულ მანქანებს.
Toyota
Reuters-ის ცნობით, Toyota-მ 13 000 მანქანის ღირებულების ზარალი ნახა კიბერთავდასხმით, რომლის სამიზნეც მისთვის პლასტმასისა და ელექტრო კომპონენტების ერთ-ერთი მიმწოდებელი გახდა.
თავდასხმაში Toyota პირდაპირ რუსეთს არ ადანაშაულებს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ შეტევა მას შემდეგ სულ მალე მოხდა, რაც იაპონიამ რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე შეერთების შესახებ განაცხადა. იაპონიამ რუსულ ბანკებს Swift სისტემაზე წვდომა დაუბლოკა.
Volkswagen Group
Volkswagen Group-ი საქველმოქმედო ფონდ Unoflucht-ს ერთ მილიონ ევროს გადაურიცხავს.
„Volkswagen Group-ი ძლიერ შეშფოთებულია უკრაინაში არსებული სიტუაციით. ჩვენმა მენეჯმენტმა გადაწყვიტა, რომ ჯგუფი და მისი ბრენდები საქველმოქმედო ფონდ Unoflucht-ს ერთ მილიონ ევროს გადაურიცხავს“, — წერს Volkswagen Group-ი სოციალურ მედიაში.
Skoda
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ Skoda-მ განცხადება გაავრცელა. ჩეხურ კომპანიას უკრაინაში 600 ადამიანი ჰყავს დასაქმებული ქალაქ სოლომონოვის ქარხანაში; საქველმოქმედო ფონდ People in Need-ს ის დაახლოებით 400 000 ევროს გადასცემს.
„ადამიანი Skoda-სთვის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა. ამ ღირებულების მოქმედებაში მოყვანა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“, — აღნიშნავენ კომპანიაში.
2021 წელს რუსეთი Skoda-ს მეორე უდიდესი ბაზარი იყო, სადაც დაახლოებით 90 000 ავტომობილი გაყიდა.
Volvo
Volvo პირველი ავტომწარმოებელი იყო, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება — აგრესორ ქვეყანაში მანქანების მიწოდება შეწყვიტა.
2021 წელს შვედურმა კომპანიამ რუსეთში 9000 მანქანა გაყიდა.