სატვირთო გემი Felicity Ace, რომელსაც Volkswagen Group-ის დაახლოებით 4000 მანქანა გადააქვს, პორტუგალიის სანაპიროსთან ცეცხლის ალში გაეხვა. ეკიპაჟის 22 წევრი პორტუგალიის ფლოტმა გემიდან უსაფრთხოდ გამოიყვანა, მაგრამ უცნობია გემზე ჩატვირთული მანქანების ბედი, რომლებიც სავარაუდოდ, აშშ-ში მიჰქონდა.
Felicity Ace-მ გერმანიის ქალაქ ემდენის პორტი 10 თებერვალს დატოვა და როდ-აილენდის შტატის სოფელ დევისვილში 23 თებერვალს უნდა ჩასულიყო. გემს გადაჰქონდა ისეთი მწარმოებლების ავტომობილები, როგორებიც არის Volkswagen-ი, Audi, Lamborghini, Porsche და Bugatti.
გემმა განგაშის სიგნალი 16 თებერვალს გადასცა, მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ სატვირთო გემბანზე ხანძარი გაჩნდა. ეკიპაჟის წევრების ევაკუაციის შემდეგ, სახანძრო ჯგუფები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საკუთარი ავტომობილების მდგომარეობის შესახებ ჯერ არაფერი იცის არც Porsche-მ და არც Volkswagen-მა.
გემი Felicity Ace 2005 წელს არის აგებული, სიგრძეში 200 მეტრია, სიგანეში კი 32 მ. შეუძლია დაახლოებით 4000 ავტომობილის გადატანა.