არც ისე დიდი ხანია, რაც Porsche 911-ის 992-თაობა არსებობს, მაგრამ ავტომწარმოებელმა უკვე დაიწყო მუშაობა თავის ყველაზე სახელგანთქმული სპორტული მანქანის ფეისლიფტზე, ანუ მცირედით მოდერნიზებულ ვერსიაზე.
ცოტა ხნის წინ ევროპაში ზამთრის ტესტირებებზე შენიშნეს ჩაშავებული Porsche 911 Turbo პროტოტიპი; მიუხედავად იმისა, რომ ის რეგულარული მოდელისგან დიდად განსხვავებულად არ გამოიყურება, მცირე ცვლილებები მაინც აქვს.
მათ შორის ყველაზე გამორჩეულია წინა ბამპერი გადიდებული ჰაერმიმღებებით; ამჟამინდელი მოდელისგან განსხვავებით, არ აქვს დღისით მოძრაობის LED ფარები. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პროტოტიპზე შემჩნეული ბამპერი საწარმოო ვერსიის იყოს და დიდი ალბათობით შეიცვლება. ამას გარდა, წინა ნაწილში მოსალოდნელია დიზაინის გარკვეული ცვლილებებიც.
911 Turbo-ს უკანა ნაწილი დიდწილად ამჟამინდელი მოდელის იდენტურია, მაგრამ ცოტა შეცვლილია LED განათების ბარი, რომელიც ორად არის გაყოფილი და უკანა ნაწილს მთელ სიგანეზე აღარ გასდევს. საბოლოო საწარმოო მოდელი სავარაუდოდ მიიღებს ახალ ბამპერსაც.
უცნობია, რა მექანიკურ ცვლილებებს განახორციელებს Porsche, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ის გაუმჯობესებული იქნება. ძრავა კვლავ იგივე, 3.8-ლიტრიანი ორმაგი ტურბო ექვსცილინდრიანი ერთრიგა იქნება, რომელიც რვასიჩქარიან PDK ტრანსმისიასთან არის დაკავშირებული. თუ სიმძლავრე იგივე დარჩა, 911 Turbo-ს კვლავ 572 ცხენის ძალა ექნება, Turbo S-ს კი 641.
რა თქმა უნდა, ყველა ზემოთ ხსენებული ცვლილება 911-ის მთელ ოჯახს შეეხება, მაგრამ Turbo და Turbo S პირველი მოდელები იქნება, რომლებსაც შუალედური ფეისლიფტები ეყოლებათ. განახლებული მოდელი სავარაუდოდ 2023 წელს გამოვა.