პოლონეთში მომხდარი ავარიისას, Ferrari 488 Pista მთლიანად განადგურდა.
ინციდენტი პატარა ქალაქ ვიჟისკის სიახლოვეს მოხდა; მიზეზი 488 Pista-ს მძღოლის მიერ მართვაზე კონტროლის დაკარგვა გახდა.
გამოცემა Auto Swiat-ის ცნობით, იტალიური სუპერქარი სავალი ნაწილიდან გადავიდა და დამცავ ჯებირს შეასკდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბარიერი ჩვეულებრივ მანქანას სწრაფად შეაჩერებდა, Ferrari იმდენად დაბალი აღმოჩნდა, რომ ბარიერის ქვეშ შეცურდა და სრულად გაუნადგურდა წინა ნაწილი, საქარე მინა და სახურავი.
შემთხვევის ადგილზე სწრაფად მივიდა ადგილობრივი სახანძრო სამსახური და პოლიცია; მიუხედავად მძიმე შეჯახებისა, მძღოლს დაზიანებები არ მიუღია.
უშუალოდ შეჯახებამდე დეტალები უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, Ferrari-ს მძღოლს მანქანა მოლიპულ გზაზე მოუსრიალდა.
აშკარაა, რომ მანქანის შეკეთება შეუძლებელი იქნება, რადგან თითქმის მთლიანად არის დაზიანებული. არ არის გამორიცხული, ძრავა და გადაცემათა კოლოფი ხელუხლებელი იყოს.
488 Pista წარმოადგენს 488 GTB-ს უფრო ტრეკზე ფოკუსირებულ ვარიანტს; აქვს 3.9-ლიტრიანი ორტურბინიანი V8 ძრავა, რომელიც 710 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გარდა იმისა, რომ GTB-ზე ძლიერია, 488 Pista მასზე 91 კილოგრამით ნაკლებიც არის, რადგან მის კაპოტში, ბამპერებსა და უკანა სპოილერში გამოყენებულია ნახშირბადის ბოჭკო.