კოლექციონერთა მხრიდან წლობით იგნორის შემდეგ, Porsche 928, მანქანა, რომელმაც წარუმატებლად სცადა 911-ის ჩანაცვლება, ახლა ფრიად სასურველი კლასიკაა.

როგორც ჩანს, ამას ვერ მიხვდა კალიფორნიის ერთ-ერთ მინდორზე მიტოვებული ამ 928-ების პატრონი. მანქანები Facebook-ის მომხმარებელმა სტივ როუდსმა შენიშნა ერთი ძველი კარიერის სიახლოვეს.

„მიწის ერთ-ერთ პატრონს მეგობარმა რამდენიმე მანქანის დატოვება სთხოვა, მაგრამ ისინი აღარასდროს მოუკითხავს“, — წერს როუდსი.

მის ფოტოებზე სულ მცირე 13 Porsche 928 ჩანს — ადრეული, უსპოილერო, 4.5-ლიტრიანი მანქანებით დაწყებული, გვიანდელი, 5.0-ლიტრიანი S4-ებით დამთავრებული. მტვერი, გახუნებული საღებავი და ლაქები მეტყველებს, რომ მანქანები უკვე დიდი ხანია, რაც იქ დგას.

სამხრეთ კალიფორნიის მშრალი კლიმატისა და იმ ფაქტის გამო, რომ ეს 928-ები გალვანიზებილი ფოლადისა და ალუმინის პანელებით არის დამზადებული, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მათ კოროზია ჰქონდეთ. თუმცა, ელექტრობა ყოველთვის იყო 928-ების აქილევსის ქუსლი და სავარაუდოა, რომ ამ მანქანებს ამ მხრივ მრავალი პრობლემა ექნებათ.

თუმცა, დიდი პრობლემა ესეც არ უნდა იყოს, რადგან ამ სახის მანქანებს ძირითადად დასაშლელად ყიდულობენ.

„მანქანების პატრონი სადღაც იქვე ცხოვრობს, მაგრამ როგორც ჩანს, მათი შეკეთების ინტერესი დაკარგა. ვუთხარი, რომ არ გაყიდოს“, — წერს როუდსი.

როუდსი წერს იმასაც, რომ მანქანები კერძო საკუთრებაზე დგას და იქ შესვლა შეუძლებელია. იქამდე მხოლოდ ერთი გზა მიდის, შესასვლელად დიდი ჭიშკარი უნდა გაიარო და თანაც, არის კამერებიც.