ელექტრიფიკაციისკენ რბოლამ მრავალ ავტომობილს ელექტრომობილების ბუმის დაწყება აიძულა, რამაც სხვა „მწვანე“ ვარიანტები, მაგალითად, წყალბადი, ყურადღების მიღმა დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს, წყალბადი დავიწყებას მაინც არ მიეცემა.
გამოცემა Muscle Cars and Trucks-ს ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, Ford-მა დააპატენტა პირდაპირი შეფრქვევის წყალბადის წვის ძრავის დიზაინი, რომელმაც შეიძლება შეამციროს დეტონაციამდელი პრობლემები, რაც თან ახლავს წყალბადის საწვავად გამოყენებას.
Ford-ის პატენტის მიხედვით, კომპანია გეგმავს ჰაერისა და საწვავის ერთმანეთთან შესაფერის დროს შერევას, რათა მიიღოს ოპტიმალური ეფექტიანობა.
მარტივად რომ ვთქვათ, წყალბადი ფეთქებადია და შესაბამისად, მისი აფეთქების დროის კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საწვავი აირისა და საწვავის სწორ ნაზავს ვერ იღებს, საწვავი შეიძლება ადრე აფეთქდეს (დეტონირდეს), რაც იწვევს ძრავის გრუხუნს, ენერგიის დაკარგვას და შესაძლო დაზიანებას.
Ford-ის დიზაინი ჰაერს და საწვავს ცალ-ცალკე აკონტროლებს, რისთვისაც იყენებს საწვავის პირდაპირ შეფრქვევას და სრულად ცვალებად ნამუშევარი აირების რეცირკულაციას (EGR) ჰაერის კონტროლის მიზნით. წვის კამერაში ჰაერისა და საწვავის შესაფერის დროს შესვლის კონტროლს ეხმარება აირგანაწილების ცვლადი ფაზებიც.
მეტი მაბრუნი მომენტის საჭიროების შემთხვევაში, სისტემას შეუძლია გაზარდოს EGR ნაკადიც, რათა შემცირდეს წვის ტემპერატურა, შესაბამისად, შემცირდეს ადრეული აფეთქების რისკიც. ნაკლები მაბრუნი მომენტის საჭიროების შემთხვევაში, მცირდება EGR ნაკადი და შესაბამისად, საწვავის რაოდენობაც.
მიუხედავად იმისა, რომ Ford-ის პატენტზე მხოლოდ ერთი ცილინდრი ჩანს, ის სულაც არ არის შესაძლებლობათა მიღმა და კომპანია იმედოვნებს, რომ ამ ტექნოლოგიას მრავალცილინდრიან ვარიანტებსაც მოარგებს. თუ გაგვიმართლა, შეიძლება ვიხილოთ წყალბადზე მომუშავე Ford-ის V8 ძრავა, რაც სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს Mustang-ს და სხვა სპორტულ მანქანებს.
წყალბადის ძრავების ტექნოლოგიებში ამჟამად Toyota და Ford-ი ლიდერობენ.