მეოთხე თაობის Jeep Wrangler-ს გარკვეული ფორმით სავარაუდოდ ათწლეულის მიწურულს ვიხილავთ, მაგრამ ამ ფაქტს სულაც არ დაუბრკოლებია დიზაინერი არიუნ კურუნი, რომ შეექმნა შემდეგი თაობის ფუტურისტული დიზაინი, ისეთი, რომელიც ჯერ არც ერთ Jeep-ში არ გვინახავს.
თუ Jeep-ი Wrangler-ის გაყიდვებს 2030 წლის შემდეგაც გააგრძელებს, სავარაუდოდ, უმეტეს ბაზარზე ის ალბათ მხოლოდ ელექტრო ვარიანტი იქნება, რაც თეორიულად, Jeep-ს დიზაინის რადიკალური ცვლილების საშუალებას აძლევს — რათა რაღაც ნამდვილად გამორჩეული, ყველა მანქანისგან განსხვავებული შექმნას.
კურუნის საოცნებო Wrangler-ი მხოლოდ ორკარიანი მოდელის სახით არის წარმოდგენილი და აქვს განსაკუთრებით დამაინტრიგებელი წინა ნაწილი LED განათების ბარითა და წითელი საბუქსირეებით. ასევე აქვს მთლად ბრტყელი სახურავი და საბურავების გამოკვეთილი თაღები, ზუსტად ისე, როგორც Wrangler-ის ყველა წინა თაობას. თუმცა, ამჯერად ისინი უფრო დახვეწილადაა ინტეგრირებული დანარჩენ ძარასთან.
ასევე გამორჩეულია ფუტურისტული Jeep-ის მინები — ვერტიკალური წინა საქარე მინა, გამრუდებული კიდეები და ვიწრო გვერდითა ფარები. Wrangler-ის ჭერზე ნახავთ სამოძრაო LED განათებას და მოზრდილ ლუქს.
წინას მსგავსად გაბედულია უკანა ნაწილიც, სადაც ასევე ნახავთ LED განათებას, საბუქსირეებს, გაშლილ თაღებს. მანქანის დიზაინის ყველაზე თვალისმომჭრელი ელემენტია ხუთ-სხივიანი ვერცხლისფერი და შავი დისკები, ოფროუდ საბურავები და გვერდითა საფეხურები.
მართალია, არ ვიცით, მომავალში სადამდე გაგრძელდება Wrangler-ის ხანა, მაგრამ ცნობილია, რომ ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს სრულად ელექტრო ვერსიაზე, რომელიც ბაზარზე 2024 წლის მოდელად გავა.
შენიშვნა: სტატიაში წარმოდგენილი ფოტოები დამოუკიდებელ დიზაინერ არიუნ კურუნს ეკუთვნის და არანაირ კავშირში არ არის Jeep-თან.