ზოგიერთი ავტომწარმოებლის პროდუქტი იმდენად უცნაურია, რომ ყოვლისმნახველ ავტმოყვარულსაც გააოცებს. ამის ნათელი მაგალითია ერთ-ერთი ინდური კომპანიის მიერ შექმნილი მანქანა, სახელად Force Motors Trax Cruiser-ი. შესახედაობით Mercedes-Benz G-Class-სა და J70 series Toyota Land Cruiser-ის ნაზავს წააგავს. სკამების სხვადასხვა კონფიგურაციის წყალობით, სალონში 13-მდე ადამიანის ადგილია.
ამდენი მგზავრის დასატევად, Trax Cruiser-ს სავარძლების უცნაური განლაგება აქვს. 10-კაციან ვერსიაში წინა რიგში მძღოლის ჩათვლით სამი ადამიანის ადგილია, მეორეშიც სამის, ორ-ორი ადამიანი კი აქეთ იქით, კედელთან ზურგით ჯდება. 13-კაციან ვერსიაში წინ ორი ადამიანი ზის, სამი ცენტრში, ოთხ-ოთხი კი კედლებთან; ამ ვერსიას არ აქვს საბარგული.
უკანა ადგილების დაკავება მგზავრებს საბარგულის დიდი კარიდან შეუძლიათ, სადაც მანქანას ჩამოსაშლელი საფეხურიც აქვს. თუ უკან არავინ ზის, შესაძლებელია სავარძლების აკეცვაც, რაც ბარგისთვის ადგილს აჩენს.
სალონი საკმაოდ უბრალოა, მაგრამ აქვს გარკვეული ხელსაწყოები, მაგალითად, პატარა სანავიგაციო დისპლეი. ფანჯრები და საკეტები ელექტრონულია. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს ორმაგი კონდიცირების სისტემაც.
ენერგიას გამოიმუშავებს დიზელის 2.6-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ძრავა. მისი სიმძლავრე მხოლოდ 90 ცხენის ძალაა. ძრავა შეწყვილებულია ხუთსიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან, რომელი ენერგიას უკანა თვლებს აწვდის.
მანქანის ფასი 15,654 დოლარიდან იწყება და ყველაზე ძვირად ღირებული ვარიანტი 18,120 დოლარი ღირს.