Chevrolet-ის საკულტო სპორტული მანქანა Corvette-ის ხაზი შეიძლება გაფართოვდეს და მასში ელექტრიფიცირებული ან სრულად ელექტრო ვარიანტებიც ვიხილოთ. ამის შესახებ General Motors-ის ხელმძღვანელი მარკ რაუსი ინტერვიუში საუბრობს.

CNBC-სთან საუბრისას, რაუსმა აღნიშნა, რომ 2023 წელს გამოჩნდება ელექტრიფიცირებული Corvette C8, რომელსაც მოგვიანებით სრულად ელექტრო ვარიანტიც მოჰყვება. რაუსი არ აკონკრეტებს, სპორტულ მანქანას ჰიბრიდული ძალური აგრეგატი ექნება თუ დატენვადი ჰიბრიდი.

ინტერვიუს შემდეგ, Chevrolet-მა ეს ამბავი ვიდეო თიზერით დაადასტურა, რომელშიც ჰიბრიდიზებული ვერსია ჩანს, რაზეც კლიპის მე-9 წამზე გამოჩენილი შიგაწვის ძრავის გამოსაბოლქვი მილები მიუთითებს. ჩანს ისიც, რომ მოდელს ოთხივე თვალი წამყვანი უნდა ჰქონდეს.

ნიურბურგრინგზე ტესტირებისას ჰიბრიდული Corvette-ები აქამდეც შეუნიშნავთ. 2020 წელს გაჟონილი დოკუმენტის მიხედვით, ჰიბრიდული მოდელი, სახელად Zora, იყენებს 5.5-ლიტრიან ტურბო V8 ძრავას და ელექტროძრავას, რომლებიც ჯამში 1000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. თუკი ის დატენვადი ჰიბრიდია, ბატარეების წყება გარკვეულ წონას შემატებს, მაგრამ ასევე დაუმატებს სულ მცირე 56 კმ გარბენის მანძილს. იმავე დოკუმენტის მიხედვით, საუბარი იყო მეორე ჰიბრიდ მოდელზეც, სახელად Grand Sport-ი, რომელსაც 6.2-ლიტრიანი V8 ძრავა აქვს და 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. შეიძლება ის ჩვეულებრივი ჰიბრიდი იყოს, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს ყველაფერი მხოლოდ სპეკულაციაა.

შეგახსენებთ, რომ Chevrolet შეიძლება ასევე მუშაობდეს Corvette-ის ბრენდის SUV-ზე, რომელიც GM-ის CES 2021 პრეზენტაციაზე შენიშნეს. თუმცა, ცოტა ხნის წინ კომპანიის დიზაინის სტუდიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ძლიერ მიუთითებს ქროსოვერ Corvette-ზე. ზოგიერთი წყაროს ცნობით, მას 2025 წელს უნდა ველოდოთ, ზოგიერთი კი იმასაც აღნიშნავს, რომ ბრენდი Corvette სრულფასოვან ქვებრენდად ჩამოყალიბდება.