ევროპაში Nissan-ის სპორტული მანქანების ერა დასასრულს უახლოვდება, რადგან კომპანია GT-R-ს ბაზრიდან ეტაპობრივად იღებს.

გამოცემა CarScoops-ისთვის გაგზავნილ წერილში Nissan-ის ბრიტანეთის წარმომადგენლობის პრესსპიკერი ადასტურებს, რომ 13-წლიანი ევროპული ისტორიის შემდეგ, ევროპული GT-R-ის წარმოება მარტში დასრულდება, რისი მიზეზის ევროკავშირისა და ბრიტანეთის მიერ შემოღებული ხმაურის ახალი რეგულაციებია, რომლებიც ძალაში 2021 წლის 1-ელ ივლისს შევიდა.

გრძელვადიანი კანონპროექტის მიზანია მანქანების ხმის შემცირება, რადგან 1995 წელს შემოღებულმა ხმის შემცირების ლიმიტებმა მოსალოდნელი ეფექტი ვერ გამოიღო. ამის გამოსასწორებლად, ხმაურის ზღვარი კიდევ უფრო შემცირდა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახალი კანონი დაადუმებს „გოძილას“. ფანებისთვის ეს ამბავი ნამდვილად არასასიამოვნოა და კიდევ უფრო ცუდი ის არის, რომ როგორც Nissan-მა უკვე დაადასტურა, ახალი Z ევროპისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. როგორც კომპანია აღნიშნავს, ევროპის სპორტული მანქანების ბაზრის შემცირება და გამონაბოლქვის შესახებ ახალი რეგულაციები Nissan-ისთვის ამ ბაზარს არამომგებიანს ხდის.

შედეგად კი შეიძლება ითქვას, რომ Nissan-ის სპორტული მანქანები ევროპაში ფაქტობრივად მოკვდა. GT-R ამოღებულია ავსტრალიის ბაზრიდანაც, სადაც მან შეჯახების ტესტების ახალი რეგულაციები ვერ დააკმაყოფილა.

გავრცელებული ინფორმაციით, Nissan-მა GT-R-ის ელექტრიფიკაციაზე ფიქრი დაიწყო.