ჰეჩბეკების ბაზარი ზრდას განაგრძობს და მხოლოდ დროის საკითხი რჩება, როდის გაუშვებს Volkswagen-ი Mk8 Golf GTI-ის უფრო მძლავრ ვერსიას, რომელიც 2021 წლის VW Golf GTI Clubsport-ი იქნება.
სტანდარტული GTI-ს მსგავსად, GTI Clubsport-ს აქვს 2.0 ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ტურბოძრავი. თუმცა, სტანდარტული მოდელისგან განსხვავებით, რომელსაც 242 ცხენის ძალა აქვს და მეტოქეებს კარგ კონკურენციასაც უწევს, GTI Clubsport-ს 296 ცხენის ძალა ექნება. ამის მიღწევა შესაძლებელი გახდა შუალედური გამაგრილებლის გაზრდით, Continental-ის ტურბოკომპრესორით და პროგრამული უზრუნველყოფა ECU-ს გაუმჯობესებით.
ძრავასთან დაკავშირებულია შვიდსიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის ტრანსმისია, რომელიც ენერგიას წინა თვლებს აწვდის. Volkswagen-ის განცხადებით, 100 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 6 წამზე ნაკლებში განავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ია.
VW Golf GTI Clubsport-ს აქვს VAQ ელექტრომექანიკური ჩამკეტი წინა დიფერენციალი, რომელმაც სტანდარტული GTI-ს ელექტრონული XDS სისტემა ჩაანაცვლა. ახალი დიფერენციალის მორგება დამოკიდებულია მართვის რეჟიმზე. სხვა განახლებებს შორის არის გაზრდილი წინა თვლების ნახარი, უკან ჩაყენებული ახალი საკონტროლო მკლავი, თვლების ახალი საყრდენი და ა. შ. ასევე განახლდა Dynamic Chassis Control (DCC) სისტემა, რომელსაც 50 სხვადასხვა პარამეტრი აქვს „კომფორტისა“ და „სპორტული“ მართვის რეჟიმებს შორის.
მუხრუჭების წარმადობისა და სტაბილურობის გასაზრდელად, დაიხვეწა ABS და სტაბილურობის კონტროლის სისტემებიც.
რაც შეეხება ვიზუალს, Golf GTI Clubsport-ს აქვს გამორჩეული წინა ბამპერი ახალი გამყოფით, 19-ინჩიანი დისკები, ორნაწილიანი უკანა სპოილერი, შავი გრაფიკები გვერდით გარსშემომდენებზე; სალონში განახლებულია მხოლოდ სავარძლების გადასაკრავები.
ფასის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი.