შარშან, ბერძნულმა სტარტაპმა SP Automotive-მა საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა: დააანონსა მოდელი, სახელად Chaos-ი, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი შესაძლებლობები უნდა ჰქონოდა და მისი დებიუტი ჟენევის მოტორშოუზე უნდა შემდგარიყო.
თუმცა, მოგეხსენებათ, ჟენევის მოტორშოუ პანდემიის გამო წელსაც გაუქმდა; ამიტომ, ყოველგვარი საჯარო განცხადების გარეშე, სტარტაპის დამფუძნებელმა სპიროს პანოლულოსმა გადაწყვიტა, რომ Chaos-ის ოფიციალური დებიუტის დრო დადგა და ეს 2021 წლის 1 ნოემბერს მოხდება.
პანოპულოსმა გამოცემა CarScoops-ს განუცხადა, რომ მათ ჯერ უბრალოდ „პლანეტის პირველი ულტრაქარის წიგნი გადაშალეს“, პირველი შეკვეთებიც მიიღეს და მფლობელებს მანქანები 2022 წლის დასაწყისში ჩაბარდებათ. იგი ასევე აღნიშნავს, რომ მანქანა ქუჩებში დაშვებული იქნება, ფასი კი საბაზისო, 2000 ცხენის ძალიანი ვარიანტის შემთხვევაში 6,5 მილიონი ევროდან დაიწყება ($6,4 მილიონი), სრული სპეციფიკაციების მქონე, 3000 ცხენის ძალიანი ვარიანტი კი 12,4 მილიონი ევრო ($14,4 მილიონი) ეღირება.
კომპანია წელიწადში 15-20 ხელნაკეთი მანქანის წარმოებას გეგმავს, ჯამში კი 100 მოდელზე მეტს არ გამოუშვებს, რათა მას ექსკლუზიურობა შეუნარჩუნონ.
თუ ეგზოტიკურ ფასს გავითვალისწინებთ, ეს რიცხვები ძლიერ ოპტიმისტური ჩანს საწყისი დონის (2000 ცხენის ძალა) მოდელისთვისაც კი, რადგან ის ორჯერ ძვირია, ვიდრე ელექტრო Nevera ($2,9 მილიონი) და თითქმის იგივე ღირს, რაც Bugatti Divo ($5.4 მილიონი), რომელიც მხოლოდ 40 ეგზემპლარად გამოვა.
SP Automotive გამოცემასთან აღნიშნავს, რომ საჯარო დებიუტი ნოემბერში ათენში შედგება, 2022-2023 წლებში კი დაგეგმილია ტესტირებისათვის წარდგენა BBC-ს სატელევიზიო შოუ Top Gear-ში, სადაც მანქანა მრავალი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება.
კერძოდ, Chaos-ი შეეცდება უსწრაფესი საწარმოო მანქანის რეკორდი დაამყაროს ნიურბურგრინგში, წრეზე მოძრაობისას; ეს რეკორდი ამჟამად Mercedes-AMG GT Black Series-ს ეკუთვნის. Red Bull-ის სპონსორობით, ასევე შეეცდება საწარმოო მანქანის ტოპ-სიჩქარის რეკორდის მოხსნას, რომლის მფლობელიც ამჟამად არის SSC Tuatara (455,3 კმ/სთ); და ბოლოს, რეკორდის დამყარებას ეცდება 0-402 მეტრის აჩქარებაში, რომელიც ამჟამად Rimac Nevera-ს ეკუთვნის — 8,58 წამი.
ჰიპერქარ Chaos-ის თიზერები რამდენჯერმე ვიხილეთ 2020 წლის აპრილიდან ივნისამდე; ვნახეთ ექსტერიერის დიდი ნაწილი და ინტერიერის დიზაინი, შევიტყვეთ თითქმის დაუჯერებელი სპეციფიკაციების შესახებაც. ჰიპერქარი დაფუძნებული იქნება ნივთიერება Zylon-ისგან დამზადებულ მონოკოკურ ძარაზე, ძარაში გამოყენებული იქნება ნახშირბადის ბოჭკო, კევლარი და ტიტანი, 3D პრინტერზე დაბეჭდილ ნაწილებში კი მაგნიუმი.
ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, Chaos-ი აღჭურვილი იქნება 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V10 ძრავით, რომელიც ორი ვერსიით იქნება წარმოდგენილი — 2000 ცხენის ძალითა და 11 000 rpm-ით და 3000 ცხენის ძალითა და 12 000 rpm-ით.
ძრავიდან ენერგია ოთხივე თვალს რვასიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის კოლოფით გაეგზავნება. ოპტიმალური ექსპლუატაციისთვის, მანქანას ექნება სრულად დამოუკიდებელი ორბერკეტიანი საკიდარი. მუხრუჭები შედგება 428-მილიმეტრიანი კერამიკის დისკოებისგან წინ და 416-მილიმეტრიანი დისკოებისგან უკან; მათ მაგნიუმისგან 3D დაბეჭდილი სუპორტები ექნება.
შარშან, SP Automotive-მა რამდენიმე ბნელი რენდერის სახით გვაჩვენა სხვა ჰიპერქარიც, სახელად Apeiron-ი. ახლახან გავრცელებული ახალი განცხადების მიხედვით კი, Chaos-თან ერთად, ისინი ასევე წარმოადგენენ ქალაქის ელექტრო მანქანას, წყალბადზე მომუშავე ჰიპერქარს და „სხვა მრავალ ნამუშევარს“, რომლებზეც ისინი უკვე დიდი ხანია მუშაობენ. მეტი დეტალის გამხელას კომპანიის დამფუძნებელი სპიროს პაპანოპულოსი 1 ნოემბერს გვპირდება.