Hyundai-მ 45 EV Concept-ის სპეციალური მინი ვერსია წარმოადგინა, რომელიც ქალაქ ბარსელონას წმინდა იოანეს საბავშვო ჰოსპიტლის პატარა პაციენტებისთვის არის განკუთვნილი.

მინიმანქანა იყენებს სამხრეთკორეული ავტომწარმოებლის ემოციურ-ადაპტური კონტროლის (EAVC) ტექნოლოგიას, რომელიც მანქანას შიდა და გარე მხრიდან მიღებულ ინფორმაციას არგებს. მაგალითად, აკვირდება სახის გამომეტყველებას, გულისცემასა და სუნთქვას, შემდეგ კი ამ მონაცემებს აერთიანებს მანქანის სიჩქარესთან, აჩქარებასთან, ხმაურთან, ვიბრაციასთან და ამ მონაცემების საფუძველზე აკონტროლებს ისეთ სისტემებს, როგორებიც არის განათება, კლიმატ-კონტროლი, მუსიკა და სურნელის დისპენსერი.

ერთ ეგზემპლარად შექმნილი მინიმანქანა კომპანიამ ჰოსპიტალს აჩუქა, სადაც მას ბავშვების პალატიდან სამკურნალო ოთახში გადასაყვანად გამოიყენებენ, რაც ერთ-ერთი ყველაზე სტრესული მომენტია ბავშვებისთვის.

„გვსურს, რომ ჩვენმა ტექნოლოგიებმა ჩვენი მომხმარებლების ცხოვრება მრავალ სხვადასხვა სფეროში გააუმჯობესოს, გზებს მიღმა. იმედი გვაქვს, რომ მინიმანქანაში ჩაპროგრამებული EAVC ტექნოლოგია ახალგაზრდა პაციენტების გადაადგილებას გაამხიარულებს და ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში დაეხმარება“, — ამბობს Hyundai Motor-ის კვლევათა ინჟინერი ჯინმო ლი.

ემოციურ-ადაპტური კონტროლის ტექნოლოგიის წყალობით, მანქანა ანათებს მწვანე, ყვითელ და წითელ ფერებში, რათა საჭესთან მჯდომი ბავშვის ემოციები რეალურ დროში ასახოს. მინიმანქანა უშვებს არომატულ სურნელს და საპნის ბუშტებსაც.

„ჩვენი საავადმყოფო ძალიან გახარებულია, რომ ბავშვებისთვის ასეთი ტექნოლოგია გვაქვს. ეს მკვეთრად შეცვლის ბავშვების მკურნალობის მეთოდს“, — ამბობს საავადმყოფოს პედიატრიული კარდიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯოან სანჩეს ტოლედო.