ჰიბრიდული მოტოციკლის იდეა დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მწარმოებლებმა მას დღის სინათლე არასოდეს აღირსეს. ამის მაგალითია თუნდაც Harley-Davidson-ი, რომელმაც სრულად ელექტრო მოტოციკლი გამოუშვა. თუმცა, Kawasaki-ს სხვა იდეები აქვს.
იაპონური მწარმოებელი უკვე აღარ მალავს, რომ მუშაობს მოტოციკლების შემდეგი თაობის ჰიბრიდულ სისტემაზე. სისტემის პრინციპი შემდეგია: ავტომაგისტრალებზე იმუშავებს შიგაწვის ძრავა, ქალაქში მოძრაობისას კი სისტემა სრულად ელექტრორეჟიმზე გადაერთვება, სადაც ენერგიის ანაზღაურების სისტემას ყველაზე მეტად ისარგებლებს ბევრი გაჩერება-დაძვრით. დაკლაკნილ გზებზე, სადაც მძღოლს რაც შეიძლება მეტი მწარმოებლურობა ესაჭიროება, შიგაწვის ძრავა და ელექტროძრავა ერთობლივად იმუშავებენ.
კომპანიის მიერ YouTube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს ჰიბრიდული სისტემის პროტოტიპის ტესტირება დინამომეტრით. დაბალ სიჩქარეზე, ბაიკი მხოლოდ ელექტროძრავას იყენებს, მაგრამ სიჩქარის მატებასთან ერთად, ირთვება შიგაწვის ძრავაც.
გამოცემა New Atlas-ის ცნობით, ამ ვიდეოში ასახული პროტოტიპი ერთსიჩქარიან ტრანსმისიას გამოიყენებს, რომელიც შიგაწვის ძრავასთან მეექვსე სიჩქარის ექვივალენტით იქნება მიერთებული; რაც შეეხება ელექტროძრავას, ის დაბალ აჩქარებას უზრუნველყოფს.
უცნობია, როდის გეგმავს Kawasaki ბაზარზე ჰიბრიდული მოტოციკლის შეტანას. იქამდე, ვიდრე რეალობა გახდება, კომპანიას რამდენიმე სირთულის დაძლევა მოუწევს, მათ შორის, როგორ დაამონტაჟებს ელექტროძრავას და ბატარეებს მოტოციკლის წონის ზედმეტად გაზრდის გარეშე.