უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები უკვე ადგილობრივ წარმოებაზეც აისახება — Lada-მ ტოლიატისა და იჟევსკის ქარხნებში წარმოება შეწყვიტა. AvtoVAZ-ის პრესსპიკერის განცხადებით, წარმოების შეჩერების პირობებში, დასაქმებულები ან ნაწილობრივ ანაზღაურებას აიღებენ, ან შვებულებაში გაუშვებენ.
AvtoVAZ-ის საწარმო ქალაქ ტოლიატში მდინარე ვოლგის ნაპირზე მდებარეობს და საბჭოთა პერიოდიდან მოქმედებს. მაშინ ის არავისზე იყო დამოკიდებული, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ავტომწარმოებელი სულ უფრო დამოკიდებული გახდა ნაწილების გარე წარმოებაზე. The Wall Street Journal-ის ცნობით, წარმოებისათვის საჭირო ნაწილების 20 პროცენტზე მეტი, მათ შორის ელექტრონული კომპონენტები, რუსეთის ფარგლებს გარედან მოდის, რაც შეუძლებელს ხდის წარმოებას ქვეყნის გლობალური ვაჭრობიდან გამოგდების შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია მშობელი კომპანია Renault-ს ქარხნები რუმინეთში, სადაც Dacia-ს მოდელები იწარმოება.
Renault-ს ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, Lada-ს რუსეთში 300-ზე მეტი სადილერო პუნქტი აქვს და 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი მოდელების ხუთი ოჯახით (Vesta, XRAY, Largus, Granta და Niva). 2021 წელს Lada-მ რუსეთში 350 714 მანქანა გაყიდა და სწორედ მასზე მოდის ქვეყანაში გაყიდული ახალი მანქანების 21 პროცენტი. Lada უკვე 50 წელიწადზე მეტია, Lada რუსეთის საავტომობილო ინდუსტრიაში წამყვან ძალას წარმოადგენდა.
Renault Group-ისთვის რუსეთი მეორე უდიდესი ბაზარია საფრანგეთის შემდეგ; ფრანგული ჯგუფის გაყიდვების 12 პროცენტი შარშან Lada-ზე მოდიოდა და კომპანიას 181 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა. უკრაინაში მიმდინარე ომის შემდეგ, Renault-ს აქციების ფასი გასული თვის შემდეგ 35 პროცენტით შემცირდა.
გასულ კვირაში AvtoVAZ-მა სანქციების გავლენის კომენტირებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ სიტუაციას აკვირდება. თუმცა, ომის გაგრძელებასთან ერთად, რუსული ბიზნესისთვის სიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა. რუსული წყაროების ცნობით, AvtoVAZ-ს Renault-ს მხარდაჭერის გარეშე სიტუაციის გამოსწორებისთვის წლები დასჭირდება.
რუსეთში ოპერირება ავტომწარმოებლების უმეტესობამ შეაჩერა; მათ შორის არის Hyundai, Ford-ი და Volkswagen-ი. ამასობაში, რუსეთის ხელისუფლება მათი ქარხნების ნაციონალიზაციით იმუქრება.