Lamborghini Squadra Corse-მა ახალი Huracán Super Trofeo EVO2 წარმოადგინა.
მანქანა შეჯიბრებში მომავალ წელს მიიღებს მონაწილეობას; აქვს რადიკალურად დახვეწილი აეროდინამიკა და როგორც კომპანია აცხადებს, იქნება „ყველაზე მაღალი საექსპლუატაციო თვისებების მქონე ვერსია, რომელსაც ოდესმე მიუღია მონაწილეობა მონოსერიების რბოლებში“.
მოდელს უფრო აგრესიული წინა ნაწილი აქვს წვრილი LED ფარებითა და საჰაერო ფარდებით, რომლებიც Sian-ისას წააგავს.
ცოტა უფრო უკან ნახავთ ვენტილირებად წინა ფრთებს, აგრესიულ ჰაერმიმღებებსა და ნახშირბადის ბოჭკოს უკანა ფრთას. იქვეა განახლებული უკანა ბამპერი, ახალი გამოსაბოლქვი მილები და მოდიფიცირებული დიფუზორი. გარდა ამისა, პლასტმასის ზოგიერთი ნაწილი ნახშირბადის ბოჭკოთია ჩანაცვლებული, უკანა ფრთები კი ახლა ერთი მთლიანი ნაჭრებია, რათა უფრო ოპტიმალური იყოს ზედაპირის მთლიანობა.
Lamborghini-ს დიზაინის ხელმძღვანელის, მიტია ბორკერტის განცხადებით, როდესაც ისინი Huracán Super Trofeo EVO2-ს პროექტს მიუახლოვდნენ, მაშინვე გაახსენდათ კონცეფცია „რბოლა სტილში“. ეს გახლავთ Huracán-ის სარბოლო მანქანების ტიპური აგრესიულობისა და Lamborghini-ს კლასიკური სტილისტიკური მახასიათებლების კომბინაცია.
მისივე განცხადებით, Huracán Super Trofeo EVO2 წარმოადგენს ფუტურისტულ ესთეტიკურ მიდგომას, რომელიც ნაწილობრივ წინასწარ ჭვრეტს შემდეგი საგზაო მანქანების დიზაინის ელემენტებს. ასეთი მოდელები კი შეიძლება უახლოეს წლებში ვიხილოთ — საგზაო მანქანები სარბოლო მოდელების ელემენტებით.
გარდა დიზაინის ცვლილებისა, მანქანა აღჭურვილია განახლებული სამუხრუჭე სისტემით, რომელსაც ახალი სუპორტები და უფრო დიდი ხუნდები აქვს. გაზრდილია წინა დისკების ზომაც და 15,4 ინჩს შეადგენს.
ენერგიას გამოიმუშავებს 5.2-ლიტრიანი ატმოსფერული V10 ძრავა 612 ცხენის ძალით. ძრავა დაკავშირებულია ექვსსიჩქარიან მიმდევრობით გადაცემათა კოლოფთან, რომელიც ენერგიას უკანა თვლებს უგზავნის.
Huracán Super Trofeo EVO2-ს საჯარო პრემიერა კვირის ბოლოს შედგება და ევროპაში მისი ფასი 250,000 ევროდან დაიწყება.