თქვენ წინაშეა Lexus LF-Z კონცეპტი, რომელიც, ავტომწარმოებლის ცნობით, აერთიანებს მართვის იდეალურ მახასიათებლებს, დიზაინსა და მოწინავე ტექნოლოგიებს; მოდელი დღის სინათლეს 2025 წლისთვის იხილავს.

კონცეპტს საფუძვლად უდევს ელექტრომობილის პლატფორმა, რომელიც იყენებს კომპანიის ოთხივე წამყვანი თვლის ტექნოლოგია DIRECT4-ს; შედეგად, ელექტროძრავის ძალა მაქსიმალურად გამოიყენება ბორბლების თავისუფლად კონტროლის მყისიერი რეაგირებისთვის. Lexus-ის განცხადებით, ეს ტექნოლოგია აკონტროლებს ბორბლებზე ენერგიის გადანაწილებას და შეუძლია იმუშაოს წინა, უკანა და ოთხივე წამყვანი თვლის კონფიგურაციებით.

მანქანის ტექნოლოგიების საკვანძო კომპონენტთა ბევრ დეტალს Lexus-ი ჯერ არ ამხელს, გარდა იმისა, რომ მანქანა Steer-by-wire სისტემით არის აღჭურვილი.

Lexus LF-Z ელექტრო კონცეპტი წარმოაჩენს ავტომწარმოებლის დიზაინის ენის ევოლუციას. სილუეტი კუპე-ქროსოვერს მოგვაგონებს; კონცეპტის წინა ნაწილზე ნახავთ ბრენდის ცხაურის სახესხვაობას; ვინაიდან ის ელექტრომობილია და შიგაწვის ძრავა არ აქვს, ცხაურა დახურულია.

გვერდიდან შეხედვისას დაუყოვნებლივ მოგჭრით თვალს მანქანის მოკლე წინა და უკანა განკიდულები და დიდი დისკები. განსაკუთრებით დამაინტრიგებელია უკანა ნაწილი, რომელიც მოიცავს კომპლექსურ LED განათებას და ბამპერზე ვერტიკალურად განთავსებულ მესამე სამუხრუჭე მაშუქს.

Lexus-ის განცხადებით, ინტერიერი კონცეპტ Tazuna-ს ირგვლივ დააპროექტა, რაც იაპონურად „აღვირს“ ნიშნავს. ამიტომ, შთაგონებად აღებულია ურთიერთობა ცხენსა და მხედარს შორის და შესაბამისად, აქვს უღელის ფორმის საჭე სხვადასხვა გადამრთველებით და კომპლექსური ამოსაწევი დისპლეი.

გარდა თავად LF-Z კონცეპტის პრემიერისა, Lexus-მა ასევე დააანონსა გეგმა 2025 წლამდე 20 ახალი ან გაუმჯობესებული მოდელის შექმნის შესახებ. მათგან 10-ზე მეტი ელექტრიფიცირებული იქნება, მათ შორის სრულად ელექტროები, დატენვადი ჰიბრიდები და ტრადიციული ჰიბრიდები — კონკრეტული ქვეყნის ან რეგიონის საჭიროებათა მიხედვით.