Lexus-მა სრულად წარმოადგინა RZ, მისი პირველი საწარმოო მოდელი, რომელიც e-TNGA EV პლატფორმას ეფუძნება. Lexus RZ გახლავთ Toyota bZ4x-ისა და Subaru Solterra-ს ქროსოვერი „დედმამიშვილი“, მაგრამ აქვს განსხვავებული ძარა, უფრო პრემიუმ მახასიათებლები და მძლავრი, ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ძალური აგრეგატი.
Lexus RZ-ის დიზაინი უკვე კარგად ვიცოდით, რადგან Lexus-მა გასულ თვეებში მრავალი ოფიციალური ფოტო გამოაქვეყნა. მიუხედავად იმისა, რომ პროპორციები და ჰარდპოინტები Toyota და Subaru „ძმის“ მსგავსია, Lexus-ის ძარის ყველა მახასიათებელი მას უფრო აეროდინამიკურ სილუეტს და გამოკვეთილ იერს აძლევს.
ეს უფრო ცხადად ჩანს უკანა მხარეს, სადაც ნახავთ მთელ სიგრძეზე გაყოლებულ LED-ებს, ძლიერ დახრილ უკანა საქარე მინას, ინტეგრირებულ, იხვის კუდის ფორმის სპოილერს, ხვრელებს და ბამპერს. კიდევ ერთი ახალი მახასიათებელია გამოწელილი ცხაურა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ RZ-ს სტანდარტის სახით აქვს ორი ელექტროძრავა, რომელთაგან წინა 201 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, უკანა კი 107-ს, ჯამში 309 ცხენის ძალას. ამას გარდა, მოდელი პირველია, რომელსაც Lexus-ის ახალი, სრული ამძრავის კონტროლის სისტემა Direct4 აქვს. ამ ელექტრონულ სისტემას წინა და უკანა ღერძებს შორის ბრუნვის მომენტის 0-დან 100 პროცენტამდე გადანაწილება სულ რაღაც მილიწამებში შეუძლია.
Lexus RZ დაძვრიდან 0-100 კმ/სთ სიჩქარეს 5,6 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 160 კმ/სთ-ია.
Lexus-ის საკუთარი შეფასების მიხედვით, 96-უჯრედიანი 71,4 კვტ/სთ მოცულობის ბატარეა ერთი დამუხტვით 450 კილომეტრის გავლას უზრუნველყოფს. ამ მხრივ ის კონკურენტებს ოდნავ ჩამორჩება: Toyota bZ4x-ის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 470 კილომეტრია.
სალონში, ციფრულ კოკპიტ Lexus Tazuna-ზე ნახავთ კომპაქტურ მაჩვენებელთა დაფას და საინფორმაციო სისტემის 14-ინჩიან სენსორულ დისპლეის. მომხმარებელს შეეძლება უღელის ფორმის საჭის არჩევა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, ეს სტილი ბევრმა მომხმარებელმა აირჩიოს.
სალონის მასალები პრემიუმ ხარისხისაა. მძღოლისა და მგზავრის სკამს აქვს გათბობა. არჩევითია პანორამული ლუქი.
უსაფრთხოების სისტემებს შორის არის Lexus Safety System+ 3.0, შეჯახებამდელი სისტემა და დინამიკური რადარული კრუიზ-კონტროლი. სპეციალური სისტემა მგზავრს გადასვლის უფლებას არ მისცემს, თუ მანქანას სხვა ავტომობილი ან ველოსიპედი უახლოვდება.
Lexus RZ450e-ის ონლაინ დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. ფასი ჯერ უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, აშშ-ში მისი ფასი 48,780 დოლარიდან დაიწყება.