Lexus-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი თიზერი ფოტო ასახავს კონცეპტს, რომელსაც კომპანია გაზაფხულზე წარმოგვიდგენს.
ავტომწარმოებელი დეტალებს ჯერ არ გვიმხელს, მაგრამ აღნიშნავს, რომ კონცეპტი წარმოაჩენს მათ სამომავლო განზრახვებს და აღნიშნავს შემდეგი თაობის Lexus-ის დასაწყისს.
მართალია, ამით ბევრს ვერაფერს დავადგენთ, მაგრამ ჩანს, რომ კონცეპტს აქვს მოხდენილი უკანა ნაწილი პრიალა ძარითა და წვრილი გაბარიტული ფარებით. ასევე შეგვიძლია დავინახოთ მხრების გამოკვეთილი ხაზი, ორგან ამოზნექილი სახურავი და ზვიგენის ფარფლის ფორმის ანტენა, რომელიც დაბლა, უკანა ფანჯრისკენ ეშვება.
წინა ნაწილის ფოტო Lexus-მა შარშან გვაჩვენა; აქვს წვრილი ფარები, წინა გამყოფი და განახლებული ცხაურა. კონცეპტს ასევე ექნება Lexus-ის განათებული ემბლემა და დამრეცი კაპოტი.
კონცეპტის შესახებ Lexus-ი ჯერ ბევრს არაფერს ამბობს, მაგრამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ ის ელექტრომანქანა იქნება. თავდაპირველად ის ელექტრული მართვის კონტროლის სისტემა DIRECT4-თან ერთად დააანონსეს, რომელსაც მომავალი ჰიბრიდები და ელექტრომობილები გამოიყენებს.
ელექტრომობილებში ეს სისტემა წინა და უკანა ელექტროძრავებს გამოიყენებს. დაანონსებისას კომპანიამ გვაჩვენა ქროსოვერის პროტოტიპი ორი ძრავით, რომელთაგან თითოული 201 ცხენის ძალას და 300 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს.
გარდა კონცეპტის თიზერისა, Lexus-მა ასევე დაადასტურა, რომ წლის ბოლოს გამოუშვებენ პირველ მოდელს კომპანიის „ახალი ხედვის“ გათვალისწინებით. შემდეგ წლებში მას კიდევ სხვა მანქანებიც მოჰყვება.
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბევრი კითხვა რჩება, ყველაფერს გაზაფხულზე გავიგებთ, როდესაც Lexus-ი მოდელის პრემიერას გამართავს.