ვარდისფერი ალბათ სულაც არაა ის ფერი, რომელიც McLaren-ის განსაკუთრებით სწრაფ 765LT-ზე შეიძლება წარმოიდგინოთ, სუპერქარ 720S-ის დიდ „ძმაზე“.

მოგწონთ თუ არა, McLaren-ის SVO-მ (Special Vehicle Operations) ეს შესაძლებელი გახადა. როგორც ფოტოებზე ხედავთ, ეს სულ მცირე ერთხელ მოხდა და შედეგად მივიღეთ თვალისმომჭრელი კუპე, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩაბარდა მფლობელს კალიფორნიაში.

მფლობელი გახლავთ ჯეფრი სტარი, რომელიც ვიკიპედიის მიხედვით არის ამერიკელი იუთუბერი, ანტრეპრენერი, ვიზაჟისტი, ყოფილი მომღერალი/კომპოზიტორი და კომპანია Jeffree Star Cosmetics-ის დამფუძნებელი და მფლობელი.

მისი ქონება დაახლოებით 200 მილიონი დოლარია, ანუ, დიდად არ უნდა აღელვებდეს SVO-სთვის მანქანის გადაკეთებისთვის გადახდილი ფული. მიუხედავად იმისა, რომ 765LT-ის სპეციფიკაციები უცნობია, ბრიტანული სუპერქარის სრულიად განსხვავებული ვიზუალი ნამდვილად თავშესაქცევი სანახავია.

არაფერი ვიცით მექანიკური მახასიათებლების შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ სტანდარტულ 765LT-ს აქვს 755 ცხენის ძალა, ორმაგი ტურბო V8 ძრავა და 100 კმ/სთ სიჩქარეს 2,8 წამში ავითარებს.