McLaren-ი ჰიბრიდული მანქანების სეგმენტში ახალი მოდელით, Artura-თი ერთვება. მართალია, ის ძლიერ ჰგავს კომპანიის სპორტულ სუპერქარებს, მაგრამ შიგნით სულ სხვა მანქანა იმალება ერთი მნიშვნელოვანი დეტალით — ახალი ორმაგი ტურბოძრავა V6 და ელექტროძრავა.

როგორც თავიდანვე დაანონსდა, Artura ეფუძნება ნახშირბადის ბოჭკოს ახალ ჩონჩხს; ამავე მასალისაა ძარის სხვა მრავალი ელემენტიც. სრულიად ახალია უკანა საკიდარიც, თუმცა ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი მაინც ჰიბრიდული ორმაგი ტურბო 3.0-ლიტრიანი V6 ძრავაა.ეს გახლავთ 120-გრადუსიანი ძრავა მშრალი შეზეთვის სისტემითა და 85000 ბრუნით წუთში. გარდა ამისა, ის McLaren-ის ტრადიციულ V8-ზე 50 კგ-ით მსუბუქია. მხოლოდ ეს ძრავა 577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 94 ცხენის ძალას კი ელექტროძრავა; ჯამში, მანქანის სიმძლავრე 671 ცხენის ძალას აღწევს. 7,4-კილოვატ-საათიანი ბატარეა ელექტრორეჟიმში 30 კილომეტრის გავლის საშუალებას იძლევა.

ძრავები დაკავშირებულია რვასიჩქარიან ორმაგი გადაბმულობის ავტომატურ გადაცემათა კოლოფთან. ენერგია მხოლოდ უკანა თვლებს მიეწოდება, რომელთა შორისაც არის ელექტრულად კონტროლირებადი მექანიკური თვითბლოკირებადი დიფერენციალი, პირველად McLaren-ის ისტორიაში.

McLaren-ი საკმაოდ ამაყობს იმ ფაქტით, რომ მიუხედავად ელექტროძრავისა და ბატარეების დამატებისა, Artura მხოლოდ 1500 კგ-ს იწონის. შედარებით მცირე მასისა და მძლავრი ძრავის წყალობით, 0-96 კმ/სთ სიჩქარეს მანქანა 3 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 330 კმ/სთ-ია.

მართალია, მთავარი მუშაობაა, მაგრამ McLaren-მა არც ინტერიერი დაივიწყა. მაჩვენებელთა ციფრული დაფა საჭის სვეტზეა დამონტაჟებული და შესაბამისად, ისიც საჭის მოძრაობასთან ერთად რეგულირდება. მარჯვნივ არის 8-ინჩიანი საინფორმაციო დისპლეიც. მანქანას აქვს Apple CarPlay-სა და Android Auto-ს მხარდაჭერა; ასევე აღჭურვილია ადაპტური კრუიზ-კონტროლის, ზოლიდან გადასვლის გაფრთხილებისა და ავტომატური შორი განათების სისტემებით.

Artura ბაზარზე წლის მესამე კვარტალში გამოჩნდება და ფასი 225 000 დოლარიდან დაიწყება; ხელმისაწვდომი იქნება ოთხი კომპლექტაცია: საბაზისო მოდელი, Performance, TechLux და Vision-ი.