Mercedes-AMG-მ უკვე ოფიციალურად წარმოაჩინა PHEV (დატენვადი ჰიბრიდი) ძალური აგრეგატის პოტენციალი Mercedes-AMG GT 63 E Performance-ში; როგორც ჩანს, იმავეს აკეთებს მომავალ SL-სა და ახალ AMG-GT-ში. ეს უკანასკნელი ელექტრიფიცირებულ ფორმაში ჯაშუშმა ფოტოგრაფებმა ნიურბურგრინგზე გამოიჭირეს.

AMG GT-ის მეორე თაობა უკვე დაფიქსირებულია როგორც 53, ისე 63 ვარიანტებად, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დატენვად ჰიბრიდ (plug-in) მოდელს ვხედავთ. წინა კამუფლაჟირებული პროტოტიპებისგან განსხვავებით, PHEV მოდელს სატესტო აღჭურვილობით შეიარაღებული სპეციალური ფოლადის დისკები აქვს. რა თქმა უნდა, საწარმოო მოდელში მათ ვეღარ ვნახავთ.

Mercedes-ისთვის ჩვეულ ადგილას — უკანა ბამპერის მარჯვენა მხარეს მოჩანს დასამუხტი პორტი, რაც იმას ნიშნავს, რომ AMG GT დასატენად მზად არის. ახალი თაობის AMG GT-ის შესახებ Mercedes-ი ჯერ არაფერს ამბობს, მაგრამ სავარაუდოდ, მას იგივე E Performance დატენვადი ჰიბრიდი სისტემა ექნება, რაც SL როდსტერს.

ყველა დროის ყველაზე მძლავრი AMG — ოთხკარიანი GT 63 E Performance, აღჭურვილია 4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V8 და უკანა ელექტრო ძრავებით, რომლებიც ჯამში 831 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ. რაც შეეხება SL-ს, თუ ჭორებს დავუჯერებთ, Mercedes-AMG ხელმისაწვდომი იქნება ორ PHEV ვარიანტში — SL63e, რომელსაც 700 ცხენის ძალა ექნება და SL63 E Performance სრული 831 ცხენის ძალით. ასეთივე სტრატეგია შეიძლება ვიხილოთ AMG GT-შიც, მაგრამ ჯერ ოფიციალურად არაფერი დასტურდება.

Mercedes-AMG GT-ის დებიუტი 2022 წლის ბოლოს შედგება, დატენვად ჰიბრიდ ვარიანტს კი, რომელიც სავარაუდოდ ხაზში ყველაზე ძლიერი იქნება, 2023 წელს ვიხილავთ. ეს სპორტული მანქანა კონკურენციას გაუწევს Porsche 911-ს, რომელიც განახლებულ მოდელში ასევე მიიღებს ჰიბრიდულ ვერსიას.