თუ ევროპაში ცხოვრობთ და მექანიკური გადაცემათა კოლოფის მქონე Mercedes-Benz-ის შეძენა გსურთ, სჯობს იჩქაროთ, რადგან როგორც ავტომწარმოებელი ადასტურებს, 2023 წლიდან მას მთლიანი დიაპაზონიდან ამოიღებს.
გერმანული გამოცემა Automobilwoche-ის ცნობით, კომპანიის პრესსპიკერმა განაცხადა:
„მზარდი ელექტრიფიკაციის პირობებში ვხედავთ, რომ მომხმარებელთა მოთხოვნა იზრდება ელექტრულ კომპონენტებზე, ბატარეებსა და ელექტრული მართვის სისტემებზე. Mercedes-Benz-ი თანდათან აღარ შემოგთავაზებთ მექანიკურ გადაცემათა კოლოფს“.
Mercedes-ის ოფიციალური პირები ასეთ ცვლილებაზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ მიგვანიშნებდნენ, როგორც ხარჯების ზოგვის ერთ-ერთ ზომაზე.
მოდელები, რომლებიც Mercedes-ის ამჟამინდელ ხაზში ჯერ კიდევ გვთავაზობენ მექანიკურ გადაცემათა კოლოფს, არის საწყისი დონის A-Class-ი, B-Class-ი და CLA. აშშ-ის ბაზარზე გერმანულმა ავტომწარმოებელმა სამპედლიანი მოდელების გაყიდვა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა.
მიუხედავად იმისა, რომ Mercedes-ის პრესსპიკერი ცვლილების ზუსტ დროს არ აკონკრეტებს, გამოცემა Stuttgarter Zeitung-ი იუწყება, რომ ეს მოხდება არაუგვიანეს 2023 წლისა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალი განახლებული A-Class ხაზი შეიძლება მხოლოდ ავტომატური კოლოფით იყოს ხელმისაწვდომი და იგივე ცვლილება მოხდეს B-Class-ისა და CLA-ს განახლებულ მოდელებში.