Michelin-ი COVID-19-ის პანდემიის მიერ მიყენებული ზიანის აღდგენის გზებს ეძებს და მომავლის უზრუნველყოფისთვის, მხოლოდ საბურავებზე აღარ ფოკუსირდება.
საავტომობილო სექტორის ბიზნესთა უმეტესობის მსგავსად, საბურავების ფრანგული მწარმოებელს 2020 წელს პანდემიამ მძიმედ დაარტყა; მიუხედავად იმისა, რომ სრულად აღდგენას 2022 წლისთვის ვარაუდობს, შემოსავლების ახალი წყაროების შექმნასაც გეგმავს.
„მართალია, ძირითადად ჩვენს ტრადიციულ საქმიანობაში დავრჩებით, მაგრამ კომპანიის პროფილი 2030 წლისთვის დიდად შეიცვლება, დიდი როლი გვექნება ახალ, მაღალი ღირებულებების საქმიანობებში, საბურავების წარმოების მიღმა“, — წერს განცხადებაში კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი ფლორან მენეგო.
Reuters-ის ცნობით, კომპანია გეგმავს, რომ 2020 წელს მიღებული 20,5 მილიარდი ევროს შემოსავალი 2030 წლისთვის 34 მილიარდ ევრომდე გაზარდოს.
Michelin-ი იმედოვნებს, რომ სწრაფ ზრდას ნაწილების მწარმოებელ კომპანია Faurecia-სთან თანამშრომლობით შეძლებს, რომელიც აწარმოებს წყალბადის სათბობი ელემენტის სისტემებს მანქანების, SUV-ებისა და სატვირთოებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად წყალბადის მანქანებს მხოლოდ Toyota, Honda და Hyundai აწარმოებენ და გაყიდვები არც ისე წარმატებით მიდის, ამ ტექნოლოგიაში დიდ ინვესტიციებს დებენ ევროკავშირი, იაპონია, სამხრეთ კორეა და დიდი ნავთობკომპანიები. Michelin-ი ასევე გეგმავს ლითონის სამედიცინო მოწყობილობების 3D ბეჭდვის ბაზარზე შესვლას.
კომპანიის ასეთი სურვილები სულაც არ ნიშნავს, რომ ის საბურავების წარმოებას შეწყვეტს, ის უბრალოდ ახალ გზებს ეძებს პორტფოლიოს გასაზრდელად. გარდა ამისა, Michelin-ი ასევე გეგმავს კიდევ უფრო მაღალი ხარისხის საბურავების წარმოებაზე კონცენტრირებას და წარმოების იაფ ადგილებში გადატანას.