ზოგს შეიძლება აღიზიანებდეს ისეთი ნეიტრალური ფერები, როგორებიც არის თეთრი, შავი, ვერცხლისფერი და ნაცრისფერი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ისინი თითქმის ყველაფერზე მიდის და გავლენას არ ახდენს მანქანის სამომავლო ღირებულებაზე, ისინი 2020 წლის ყველაზე პოპულარული ფერები იყო ავტომობილებში, ზემოთ დასახელებული თანმიმდევრობის მიხედვით.

გლობალურ რეიტინგში 38 პროცენტით თეთრი ლიდერობს, 19 პროცენტით მოყვება შავი, 15 პროცენტით კი ნაცრისფერი. სიაში მეოთხე ადგილზე, 9 პროცენტით წარმოდგენილია ვერცხლისფერი.

საავტომობილო საღებავების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Axalta-ს მიერ გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, მეხუთე და მეექვსე ადგილებს ლურჯი და წითელი იკავებენ, 7 და 5 პროცენტით. ამავე მონაცემებით, წელს გამოსული მანქანების მხოლოდ 3 პროცენტი იყო გადაწყვეტილი ყავისფერ/ჩალისფერში, 2 პროცენტი კი ყვითელ/ოქროსფერში. მწვანეს ბაზარზე 1 პროცენტი უჭირავს.

Axalta-ს მონაცემებით, ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე პოპულარული ფერებია თეთრი (30%), შავი (19%), ნაცრისფერი (19%) და ვერცხლისფერი (10%). ევროპაში პირველ ადგილს 25-25 პროცენტით ინაწილებენ თეთრი და ნაცრისფერი, შემდეგ კი მოდიან შავი, ლურჯი და ვერცხლისფერი. აზიაში თეთრი 48 პროცენტით ლიდერობს, შავს ბაზარზე 18 პროცენტი უკავია, ვერცხლისფერს კი 8 პროცენტი. ჩინეთში მანქანების ყველაზე პოპულარული ფერებია თეთრი (57%), შავი (22%) და ნაცრისფერი (6%).