რუსეთის უკრაინაში შეჭრა აშკარად ისე არ მიდის, როგორც ვლადიმერ პუტინი გეგმავდა. უკრაინელები იმაზე გაცილებით უდრეკნი აღმოჩნდნენ, ვიდრე პუტინს წარმოედგინა. კიდევ უფრო მეტად გასაკვირია რუსეთის ჯარების მოუმზადებლობა, ჩამორჩენილობა.

სოციალურ ქსელში ფართოდ გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ასახულია გზის პირას მდგომი რუსული ტანკი, რომელსაც საწვავი ამოეწურა. ეკიპაჟს სხვა არაფერი შეუძლია, გარდა მოცდისა, რომ დიზელი მოვიდეს და ავზი აუვსონ. თუმცა, ვიდეოს ყველაზე საოცარი ნაწილია საუბარი უკრაინელ მოქალაქესა (ვინც ვიდეოს იღებს) და შეცბუნებულ რუს ჯარისკაცებს შორის.

უკრაინელი მძღოლი მანქანას მამაცად აჩერებს ტანკის გვერდით, ფანჯარას დაბლა სწევს და ოკუპანტებს ეკითხება: „გატყდით ბიჭები? მწყობრიდან გამოხვედით?“, რაზეც რუსი ჯარისკაცები პასუხობენ, რომ საწვავი გაუთავდათ.

„შემიძლია ბუქსირით უკან, რუსეთში წაგათრიოთ?“, — ხუმრობით სთავაზობს უკრაინელი მძღოლი, რაზეც ორივე მხარე იცინის.

უკრაინელი რუსებს იმასაც ეკითხება, იციან თუ არა, სად მიდიან, რაზეც რუსები უარით პასუხობენ. შემდეგ მძღოლი ოკუპანტებს უხსნის, რომ ისინი კიევის გზას ადგანან, სადაც მათი მსგავსად გზააბნეული ბევრი შევიდა, მაგრამ იქ კარგი ბედი არ ეწიათ.

აგრესორ პუტინს ალბათ ნამდვილად არ ესიამოვნებოდა ამ ვიდეოს ხილვა, სადაც მისი ჯარი ასეთ გასაჭირში ჩანს, მაგრამ ეს ერთადერთი ასეთი ვიდეო ნამდვილად არ არის. Twitter-ზე გავრცელებულ კიდევ ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ იპარავს უკრაინელი გლეხი რუსების ტანკს, რომელსაც საკუთარი ტრაქტორით მიათრევს.

რუსეთის ქმედებებს მთელი მსოფლიო ცალსახად გმობს. აგრესორ ქვეყნის წინააღმდეგ ძალაში შევიდა სანქციების მთელი ტალღა, რომელთა მიზანიც ოკუპანტი ქვეყნის შესუსტებაა.