მალულად გადაღებული თუ ინტერნეტში გაჟონილი მრავალი ფოტოსა და ოფიციალური თიზერების შემდეგ, 2021 წლის Mercedes-Benz S-Class-ის ოფიციალურად წარდგენის დროც დადგა.

Mercedes-მა ახალი ფლაგმანური სედანი სპეციალურ ლაივსტრიმ ღონისძიებაზე წარმოადგინა. შემოგვთავაზა ახალ მახასიათებელთა ძალიან გრძელი სია, რომლებმაც მძღოლსა თუ მგზავრებს მაღალი კლასის სრულიად ახალი შეგრძნება უნდა მიანიჭოს.

რადიკალური ცვლილებებია სალონში. იქ დაგხვდებათ MBUX-ის ახალი თაობის საინფორმაციო სისტემა ახალი აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით. 12,8-ინჩიანი OLED სენსორული ცენტრალური დისპლეი პორტრეტულია; აღჭურვილია ხმოვანი დამხმარით Hey Mercedes.

საზომ ხელსაწყოთა ციფრული ბლოკის დიამეტრი 12,3 ინჩია და შესაძლებელია 3D რეჟიმში გადართვა სპეციალური სათვალეების გარეშე. ჩაშენებულია ორი კამერა, რომლებიც ზუსტად საზღვრავენ მომხმარებლის თვალის პოზიციას, რათა სისტემამ დაუყოვნებლივ შექმნას 3D ეფექტი.

MBUX სისტემას ახალ Mercedes S-Class-ში აქვს ხუთი დისპლეის მხარდაჭერა – მათ შორის, საზომ ხელსაწყოთა ბლოკის, ცენტრალური დისპლეის, უკანა ორი 11,6-ინჩიანი ეკრანის და MBUX-ის უკანა ტაბლეტის.

სალონის განათება მოდელის უსაფრთხოების მახასიათებელთა აქტიური შემადგენელია. 250 LED ნათურა სრულ კოლაბორაციაშია მძღოლის დამხმარე სხვადასხვა სისტემებთან, რათა უზრუნველყოს ვიზუალური გაფრთხილებები. მაგალითად, როდესაც ბნელი ზონების დამხმარე სისტემა გაფრთხილებას გზავნის, შიდა განათება წითელ სინათლეში გადადის.

როგორც მოსალოდნელი იყო, 2021 წლის Mercedes S-Class-ი აღჭურვილი იქნება Level 3 ავტომატური მართვის ფუნქციით. კომპანიის ახალი Drive Pilot სისტემის წყალობით, ახალი S-Class-ის მართვა შესაძლებელი იქნება სპეციფიკურ გარემოებებში.

ახალ Mercedes S-Class-ს ექნება ექვს და რვაცილინდრიანი ელექტრიფიცირებული ძრავები, ახალი დატენვადი ჰიბრიდი მოდელის S580e-ს გარბენის მანძილი ელექტრორეჟიმში 100 კმ იქნება. ევროპაში მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს ექვსცილინდრიანი ბენზინის და დიზელის მოდელები, მათ შორის S450, S500, S350d, S350d 4Matic და S400d 4Matic-ი. ბენზინის S450 და S500 აღჭურვილია 3.0 ლიტრიანი მსუბუქი ჰიბრიდული ექვსცილინდრიანი ერთრიგა ძრავით 362 და 429 ცხენის ძალებით.

2021 წლის Mercedes S-Class-ი ასევე აღჭურვილია E-Active Body Control Suspension-ით. Mercedes-მა დაამატა უკანა ხიდის საჭით მართვის ახალი სისტემაც, რომელიც უკანა თვლებს 10-გრადუსიან კუთხეს აძლევს და ახალ მანქანას ისეთივე მანევრირებადს ხდის, როგორიც A-Class-ია.

ახალი Mercedes S-Class-ის პირველი ეგზემპლარების აშშ-ის ბაზარზე შესვლა 2021 წლის პირველ მეოთხედშია დაგეგმილი.