პირველად 1970-იანი წლების შემდეგ, Ferrari-მ ექვსცილინდრიანი ძრავა შექმნა საგზაო მოდელისთვის — ახალი 296 GTB-ისთვის. ის F8 Tributo-ზე მაღლა დიაპაზონში მოთავსდება და როგორც კომპანია აცხადებს, ის ყველაზე სასიამოვნო სამართავია მთელ მათ პროდუქციაში.
ახალი მანქანა, სახელად 296 GTB, F8-ს რვაცილინდრიანი ტურბოძრავის ნაცვლად ჰიბრიდიზებულ V6-ს იყენებს და წარმოადგენს Ferrari-ს პირველ ექვსცილინდრიან სპორტულ მანქანას Dino 246-ის შემდეგ (რომელიც Ferrari-ს ემბლემასაც არ ატარებს). მოდელი 321,000 დოლარ ეღირება და ჯერ ევროპის ბაზარზე გავა, შემდეგ კი აშშ-ის.
ბენზინის 2.9-ლიტრიანი, 120-გრადუსიანი V6 654 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ელექტროძრავთან ერთად, მანქანის სიმძლავრე ჯამში 819 ცხენის ძალამდე იზრდება და შედეგად, 296 GTB არსებითად უფრო ძლიერია, ვიდრე 710 ცხენის ძალის მქონე F8 Tributo ან 671 ცხენის ძალიანი McLaren Artura ჰიბრიდი.
Ferrari-ს განცხადებით, ეს მაჩვენებელი საკმარისია, რათა უკანა წამყვანმა თვლებმა 100 კმ/სთ სიჩქარე 2,9 წამში განავითაროს, 200 კმ/სთ კი 7,3 წამში. შედარებისათვის — F8 Tributo-ს იმავე სიჩქარეებამდე მისაღწევად 2,9 და 7,6 წამი სჭირდება. მაქსიმალური სიჩქარე 330 კმ/სთ-ია.
296-ის გარე დიზაინი ძირითადად SF90-დან არის გადმოღებული, ისევე როგორც Ferrari-ს კლასიკური, 1960-იანი წლების სარბოლო მოდელ 250 LM-ისგან. თუმცა, ჩვენი თვალებისთვის ის ვიზუალურად ორივე მათგანზე უკეთესად გამოიყურება.
საკმაოდ თავშეკავებულია და მძღოლზე ძლიერ ორიენტირებულია ინტერიერი. თანამედროვე მანქანების უმეტესობისგან განსხვავებით, არსადაა დიდი სენსორული ეკრანები.
ჰიბრიდული სისტემა მოიცავს ერთ 164 ცხენის ძალიან ელექტროძრავას, რომელიც შიგაწვის ძრავასა და რვასიჩქარიან გადაცემათა კოლოფს შორისაა მოთავსებული. 7,45 კვტ/სთ ბატარეები ძარის ქვეშაა მოთავსებული. აქვს სრულად ელექტრორეჟიმზე გადასვლის ფუნქციაც. Ferrari-ს განცხადებით, ამ რეჟიმში მანქანა 25 კმ-ს ფარავს, რაც4,8 კმ-ით ნაკლებია McLaren Artura-ს ამავე მაჩვენებელზე.
McLaren-ის მსგავსად, Ferrari-მ დიდი სამუშაო გასწია ჰიბრიდული სისტემის მიერ მომატებული წონის შესამცირებლად. ორი ცილინდრის მოხსნის გარდა, ახალი მოდელი 46 მილიმეტრით უფრო მოკლეა, ვიდრე F8 Tributo და ღერძებს შორის მანძილი 50 მმ-ით უფრო მოკლეა.
ყველაზე მსუბუქი კონფიგურაციის 296 GTB-ის მშრალი წონა 1470 კგ-ია, ანუ 35 კგ-ით უფრო მძიმე, ვიდრე ძველი F8 Tributo.