Nissan Leaf-ი შეიძლება უკვე მზად იყოს შემდეგი ნაბიჯისთთვის — გავრცელებული ინფორმაციით, შემდეგი თაობის მოდელი ქროსოვერი იქნება.
Nissan-ის ერთ-ერთ ხელმძღვანელზე დაყრდნობით, გამოცემა Autocar-ი იუწყება, რომ ქროსოვერის წარმოება ინგლისის ქალაქ სანდერლენდის ქარხანაში მოხდება, რომელშიც კომპანიამ 1,3 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო.
მოდელს სავარაუდოდ 2025 წელს უნდა ველოდოთ და ის დაეფუძნება CMF-EV პლატფორმას, რომელსაც ამჟამად იყენებს Nissan Ariya და Renault Megane E-Tech Electric-ი. ამ არქიტექტურას გამოიყენებენ Renault-Nissan-Mitsubishi ალიანსის სხვა ელექტრომობილებიც.
ამ მომენტისათვის შემდეგი თაობის Leaf-ის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, მაგრამ მისი ქროსოვერად გარდაქმნა სულაც არ არის გასაკვირი, რადგან მომხმარებლებს ისინი ძალიან მოსწონთ. გარდა ამისა, Nissan-ი ერთადერთი ავტომწარმოებელი არ არის, რომელიც ბაზრის მოთხოვნების ცვლილებებს ერგება; ამის მაგალითია Chevrolet Bolt-იც, რომელსაც ცოტა ხნის წინ ქროსოვერი ვარიანტი, Bolt EUV გაუჩნდა.
რაც შეეხება სხვა სიახლეებს, გამოცემის ცნობით, კომპანია განიხილავს მოსაზრებებს შემდეგი თაობის Micra-ს შესახებაც. მომავალი მოდელი სავარაუდოდ Renault-ს ან Mitsubishi-ს მანქანას დაეფუძნება, რადგან კომპანიას სურს, რომ ის ხაზის მომგებიანი წევრი იყოს. სავარაუდოდ, მანქანა სრულად ელექტრო იქნება.
გამოცემა წერს იმასაც, რომ Nissan-ის ხელმძღვანელი ინვესტიციებს არ აპირებს წყალბადის ტექნოლოგიაში, რადგან კომპანია ძირითადად ელექტრომობილებზეა ფოკუსირებული.