Nissan-მა და იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ (JAXA) მთვარემავალის პროტოტიპი წარმოადგინეს. ჯერ უსახელო აპარატი ისეთი შთამბეჭდავი არ არის, როგორიც Toyota Lunar Cruiser, რომელიც ორი წლის წინ Toyota-მ ასევე JAXA-სთან თანამშრომლობით შექმნა, რადგან მისი ფუნქციაც საკმაოდ განსხვავებულია.
მთვარემავალი იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ Nissan-ის ყველა თვლის კონტროლის ტექნოლოგია e-4ORCE-ზე დააპროექტა. ამ ტექნოლოგიას იყენებს ახალი Ariya-ს ფლაგმანური ვერსია. შედეგად, ყოველი თვლის ცალ-ცალკე კონტროლის გზით, მთვარემავალს შეუძლია იაროს მთვარის ქვიშიან, ქვიან და ტალღოვან რელიეფზე.
Nissan-ი და JAXA მთვარემავალზე 2020 წლის იანვრიდან თანამშრომლობენ. გარდა იმისა, რომ მათი ერთობლივი კვლევები სასარგებლოა სამომავლო კოსმოსური კვლევებისთვის, ერთობლივი ძალისხმევა Nissan-ს e-4ORCE ტექნოლოგიის დახვეწაშიც ეხმარება, რათა ის დედამიწის ზოგიერთ მკაცრ გარემოშიც ხელსაყრელი და საიმედოც იყოს.
მავალის პროტოტიპი უფრო ბორბლებიან ყუთს წააგავს, რადგან აეროდინამიკა მთვარეზე მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს. Nissan-ი და JAXA მავალის წარმადობის ციფრებს ჯერ არ ასახელებენ, მაგრამ ფოტოებზე ჩანს, რომ თითოეულ თვალს საკუთარი საკიდარი აქვს და მისი მოხვევა სხვადასხვა კუთხით არის შესაძლებელი. აღჭურვილია სენსორთა მთელი კომპლექტითაც.
უახლოეს წლებში, იაპონია მთვარის აქტიურად შესწავლას გეგმავს, რაც იქ მავალის გაშვებასაც გულისხმობს.