გამოშვებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, Opel-მა Manta განაახლა, მაგრამ არა ახალი მოდელით, არამედ ე. წ. რესტმოდით. კომპანიის განცხადებით, მანქანაში ერთმანეთშია შერწყმული ელექტრო ძალური აგრეგატი და კლასიკური დიზაინი.

მანქანის ოფიციალური სახელია Manta GSe ElektroMOD და გადმოტანილია თავდაპირველი, 1970 წლის წლის მოდელისა და 1971 წლის Elektro GT პროტოტიპის დეტალები.

როგორც თიზერზე აშკარად ჩანს, Manta GSe ElektroMOD-ს აქვს Opel-ის ახალი, Vizor წინა ნაწილი. კორპორატიული სახე, რომლის დებიუტიც უკვე შედგა Mokka-სა და Crossland-ის უახლეს ვერსიებში, გამოირჩევა ახალი LED ფარებით და მარტივი ცხაურით, რომლის შუაშიც ლოგოა მოთავსებული.

„ის, რაც ნახევარი საუკუნის წინ იყო სკულპტურული და პირდაპირი, დღესაც ბრწყინვალედ ჯდება Opel-ის დიზაინის ფილოსოფიაში. Opel Manta GSe ElektroMOD-ს იქ თამამი და აშკარა ადგილი უჭირავს და სრულიად ახალ მომავალს იწყებს — ელექტრო, გამონაბოლქვის არმქონე, ემოციებით სავსეს“, — აღნიშნავს გერმანული ავტომწარმოებელი, რომელიც ახლა ტრანსნაციონალურ კორპორაცია Stellantis-ის შემადგენლობაშია.

მანქანას სრულიად ციფრული კაბინა ექნება. ძრავისა და ბატარეების დეტალების დაკონკრეტებისგან Opel-ი თავს იკავებს, მაგრამ თუ თავდაპირველი Manta-ს ერთგული ბოლომდე დარჩება, ავტომობილს უკანა წამყვანი თვლები უნდა ჰქონდეს.