ახალი კვლევის მიხედვით, დატენვადი ჰიბრიდი (plug-in) მოდელების უმეტესობა გარემოსადმი იმაზე მეტად მეგობრული არ არის, ვიდრე ჩვეულებრივი წვის ძრავები; ამის მიზეზი მათი მოკლე გარბენის მანძილია სრულად ელექტრო რეჟიმში. გარდა ამისა, დატენვადი ჰიბრიდები რეგულარულად არ იმუხტება და მათ მიერ CO2-ის გამოყოფა შეიძლება სინამდვილეში უარესიც იყოს, ვიდრე ჩვეულებრივი ბენზინისა და დიზელის მოდელებისა.

გერმანელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული კვლევა ასკვნის, რომ მარეგულირებლებმა და მთავრობებმა დატენვადი ჰიბრიდების ჭარბად სასარგებლო მდგომარეობაში ჩაყენება უნდა შეწყვიტონ.

დატენვად ჰიბრიდულ სისტემებზე განსაკუთრებით აქტიურად არიან გადართული გერმანული პრემიუმ ავტომწარმოებლები, რადგან ამაში ხედავენ CO2-ის გამონაბოლქვის შემცირების ეფექტიან გზას.

რას ამბობს რიცხვები? გერმანიის ფრაუნჰოფერის სისტემებისა და ინოვაციების ინსტიტუტისა და სუფთა ტრანსპორტის საერთაშორისო საბჭოს მკვლევრებმა შეისწავლეს 66 სხვადასხვა მოდელის 100 000-ზე მეტი დატენვადი ჰიბრიდის მონაცემები ევროპიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან. აღმოჩნდა, რომ საუკეთესო შემთხვევაში, დატენვადი ჰიბრიდი მანქანა იმაზე ორჯერ მეტ CO2-ს გამოყოფს, რასაც ავტომწარმოებლები აცხადებენ.

უარეს შემთხვევებში კი, CO2-ის გამოყოფა ოფიციალურ რიცხვებზე ოთხჯერ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ კილომეტრზე 50 გრამი CO2, რასაც ოფიციალური მონაცემები მიუთითებს, სინამდვილეში შეადგენს 100-200 გრამს კილომეტრზე.

ამის დიდი მიზეზი ის არის, რომ დატენვად ჰიბრიდებს კომპანიების მანქანებადაც იყენებენ, რომლებსაც როგორც წესი, იმაზე მეტი მანძილის გავლა უწევთ, ვიდრე ამის საშუალებას სრულად ელექტრო რეჟიმი იძლევა. გარდა ამისა, კომპანიების მანქანების მძღოლები უმეტეს შემთხვევებში გაზის პედალს დაუნდობლად აჭერენ, რადგან საწვავის ფულს მაინც დამსაქმებელი იხდის.

ამავე კვლევის მიხედვით, იმისათვის, რათა დატენვადმა ჰიბრიდებმა ეფექტიანად ჩაანაცვლონ ჩვეულებრივი შიგაწვის ძრავიანი მოდელები (სულ მცირე გერმანიაში მაინც), მათი სრულად ელექტრო რეჟიმი 80-90 კმ-ს უნდა შეადგენდეს და არა 30-60 კმ-ს.

ამჟამად მსოფლიოში ყველაზე მეტი დატენვადი ჰიბრიდი ევროპაში იყიდება, კერძოდ, წელიწადში 780 000 მანქანა, რაც 10 000 ერთეულით აჭარბებს ჩინეთის მონაცემებს.