Porsche უახლოეს მომავალში ჩინეთში ქარხანას აღარ ააშენებს, რადგან კომპანია შეინარჩუნებს მის შესახებ არსებულ შეხედულებას — „დამზადებულია გერმანიაში“. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ ბლუმემ Financial Times-თან საუბრისას განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ამჟამად ავტომწარმოებლის უდიდესი ბაზარია მსოფლიოში, ასეთი გადაწყვეტილება მაინც მიიღეს.

„ჩინეთისთვის განკუთვნილი პროდუქციის ევროპაში წარმოება ჯერ კიდევ ნიშნავს ხარისხს და პრემიუმ არგუმენტს. წარმოების ჩინეთში გადატანას ამჟამად აზრი არ აქვს“, — აღნიშნა ბლუმემ.

2020 წელს Porsche-მ 272,162 მანქანა გამოუშვა; მათგან 88,968 ერთეული ჩინეთში გაიგზავნა. შედარებისათვის გეტყვით, რომ ევროპაში კომპანიამ 80,892 მანქანა გაიტანა, აშშ-ში კი 57,294.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ Porsche თავის ყველა მანქანას გერმანიაში არ აწარმოებს. მაგალითად, Cayenne სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში იწარმოება, VW Group-ის მულტიბრენდულ ქარხანაში. წარსულში კომპანია Valmet Automotive-თან თანამშრომლობით, ფინეთში აწარმოებდა Cayman-სა და Boxster-ს.

ბლუმე საკმარისად პრაგმატულია და იმასაც აცნობიერებს, რომ თუ კომპანიის გაყიდვებში ჩინეთის ბაზარი პოზიციების ზრდას ასე გააგრძელებს, ქარხნის აშენება იქ აუცილებლად გახდება საჭირო.

„უახლოეს 10 წელიწადში არ ვიცი. ეს დიდად არის დამოკიდებული მოცულობის ზრდაზე და თითოეულ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებზე“, — განაცხადა ბლუმემ.

ელექტრო სედან Taycan-ის გამოსაშვებად, Porsche-მ ექვსი მილიარდი ევროს ინვესტიცია ჩადო გერმანიის ზუფენჰაუზენის ქარხანაში, რათა ელექტრომობილის წარმოების ხაზი შეექმნა. წარმოება 2019 წელს დაიწყო, 2020 წელს კი კომპანიამ 20,015 Taycan-ი გამოუშვა.

მომდევნო წლებში Porsche-ს ელექტრომობილთა წარმოება გერმანიაში მხოლოდ გაიზრდება. კომპანია უკვე ტესტავს Taycan Cross Turismo-ს, რომელსაც საზოგადოებას მალე წარუდგენს. 2022 წლის ბოლოს ვიხილავთ Macan-ის ელექტრო ვერსიასაც.