Renault აქტიურად ცდილობს საკუთარი და Dacia-ს მოდელის მანქანების სამომავლო პოტენციურ ავარიათა შემცირებას; ამ მიზნით, მაქსიმალური სიჩქარისთვის მანქანებში ელექტრონულ სახშობს ჩააყენებს.

შედეგად, მომავალი მოდელები 180 კმ/სთ სიჩქარეზე სწრაფად ვეღარ ივლის და ექნებათ სიჩქარის ავტომატური კონტროლის სისტემა, რომელსაც „უსაფრთხოების მწვრთნელი“ (Safety Coach) უწოდა. სისტემა სიჩქარის ზღვარს ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად დააყენებს, ასევე გაითვალისწინებს სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის, გზასა და ამინდს.

გამოცემა Spiegel-ის ცნობით, გადაწყვეტილება გასულ კვირას, Groupe Renault-ს ხელმძღვანელის, ლუკა დე მეოსა და აქციონერების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი; დე მეოს განცხადებით, ფატალური ავარიების მესამედზე მეტი სიჩქარის გადაჭარბებით არის გამოწვეული.

„სიჩქარის შეზღუდვა პანაცეა არ არის, მაგრამ ნამდვილად ღირს, თუ ამით ერთი ადამიანის სიცოცხლეს მაინც გადაარჩენ“, — აღნიშნა მეომ.

სიჩქარის შეზღუდვის დანერგვის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არ არის.

გერმანული გამოცემის ცნობით, 2002 წელს 130 კმ/სთ-მდე შეზღუდეს სიჩქარე გერმანიის ავტომაგისტრალ A24-ის 62-კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც იქამდე სიჩქარის ლიმიტი არ არსებობდა. შედეგად, ავარიათა რაოდენობა იქ განახევრდა. 1996-2002 წლებში ამ მონაკვეთზე ავარიების შედეგად დაშავდა 1850 ადამიანი, სიჩქარის შეზღუდვის შემდეგ კი, ამდენივე დროში დაშავებულთა რაოდენობა 799-მდე შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ მაქსიმალური სიჩქარის 180 კმ/სთ-მდე შეზღუდვის გადაწყვეტილება შარშან Volvo-მაც მიიღო. ამ ნაბიჯს დიდი კრიტიკა მოჰყვა, მაგრამ შვედური ავტომწარმოებლის განცხადებით, თუ ამ ქმედებით ადამიანთა სიცოცხლე გადარჩება, პოტენციურ მყიდველთა დაკარგვას სულ არ დარდობენ.

ასევე აღსანიშნავია, რომ ევროპაში არც ისე ბევრია ისეთი გზა, სადაც 180 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა დაშვებულია; უმეტეს გზაზე მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ-ია.