Renault Zoe-მ ევროპის ბაზარზე ყველა სხვა ელექტრო მოდელი უკან მოიტოვა და ყველაზე გაყიდვადი ელექტრომობილი გახდა.

ფრანგული ავტომწარმოებლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2020 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ევროპაში ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე სუპერმინი მოდელის 84 000 ერთეული გაიყიდა, რაც შარშანდელი ამავე პერიოდის მაჩვენებელზე ორჯერ მეტია.

Zoe ყველაზე გაყიდვადი სამგზავრო ელექტრომანქანა იყო გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთსა და პორტუგალიაში. მოდელის წარმოება Renault-მ 2012 წელს დაიწყო და მას შემდეგ ევროპაში გაყიდულია 268 000 ერთეული.

აღსანიშნავია, რომ ევროპაში ამ დრომდე გაყიდულ ელექტრო ფურგონებს შორის თითქმის მესამედი Kangoo Z.E.-ზე მოდის — Renault-მ წელს ამ მოდელის 8 498 ერთეული გაყიდა, წარმოებიდან (2010 წ) დღემდე კი ევროპაში სულ 57 595 ერთეულია გაყიდული.

Zoe-სა და Kangoo Z.E.-ს გარდა, Renault-ს ელექტრო პორტფოლიო ასევე მოიცავს ციცქნა მოდელ Twizy-სა და ფურგონ Master Z.E.-ს.

ამას გარდა, მომავალ წელს Renault გეგმავს ახალი კომპაქტური ელექტრო ჰეტჩბეკის წარმოდგენასაც, რომელიც Volkswagen ID.3-ის და ამ კლასის მანქანების კონკურენტი იქნება. Megane eVision-ის კონცეპტი ავტომწარმოებელმა უკვე წარმოადგინა; ის Nissan Ariya-ს CMF-EV პლატფორმას დაეფუძნება და გამოიყენებს 217 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავას.