Honda აქტიურად ცდილობს აშშ-ის ბაზრისთვის განკუთვნილი SUV-ებისა და პიკაპების დიზაინის განახლებას, რათა იმ მყიდველთა ყურადღება მიიპყროს, რომლებიც მზად არიან დიდი თანხა გადაიხადონ ისეთ უხეშ, ოფროუდ მოდელებში, როგორებიც არის Ford Bronco და F-150 Raptor-ი.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში, ამერიკელ მყიდველთა ინტერესი ცალსახად გადაერთო ოთხივე წამყვანი თვლის სისტემის მქონე დიდ მოდელებზე, ძლიერი საკიდრით, დიდი ცხაურითა და ძარის მოპირკეთებით.

რა თქმა უნდა, ამ ფრონტზე მხოლოდ Ford-ი არ დაწინაურებულა — იქვეა Fiat Chrysler-იც, რომელმაც გასული წლის აპრილში 2020 წლის Jeep Gladiator-ი წარმოადგინა.

Reuters-ის ცნობით, შარშან აშშ-ში გაყიდული ავტომობილების 70 პროცენტზე მეტს საშუალო ზომის პიკაპები და SUV-ები შეადგენდა. ამ კატეგორიებში ჯდება Honda-ს მიერ გაყიდულ მოდელთა 53 პროცენტი. მიუხედავად ამისა, იაპონურ ავტომწარმოებელს Ford F-150-ისა და სხვა მოზრდილი პიკაპების პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს.

„ჩვენ არ მივყვებით დანარჩენი ინდუსტრიის ტენდენციას“, — ამბობს Honda-ს აშშ-ის ბაზრის მარკეტინგის ხელმძღვანელი ჯეი ჯოზეფი.

მიუხედავად ამისა, Honda საშუალო ზომის კატეგორიის მოდელების რაოდენობას აორმაგებს და ცოტა ხნის წინ წარმოადგინა პიკაპ Ridgeline-ის ახალი დიზაინი, რომელსაც უფრო დიდი ცხაურა და სპეციალური ოფროუდ ვიზუალი აქვს.

Honda იმედოვნებს, რომ ახალი მიდგომით Ridgeline-ის გაყიდვებს წელიწადში 50 000 ერთეულამდე გაზრდის. 2019 წელს ეს მაჩვენებელი 33 000 იყო.

კიდევ ერთი მოდელი, რომელმაც უფრო უხეში დიზაინი მიიღო, არის საშუალო ზომის SUV-ი Passport-ი. ამჟამად აშშ-ში ყოველ შვიდ გაყიდულ Jeep Grand Cherokee-ზე ერთი ეს მოდელი მოდის.