დასავლეთის მხრიდან დაწესებული უმკაცრესი სანქციების საპასუხოდ, რუსეთი წლის ბოლომდე ქვეყნიდან 200-მდე პროდუქტის ექსპორტს კრძალავს.
რუსეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, სიაში შედის ტექნოლოგიური, სატელეკომუნიკაციო და სამედიცინო აღჭურვილობაც, ისევე, როგორც მანქანები, სასოფლო-სამეურნეო დანადგარები, ლოკომოტივები და სარკინიგზო ვაგონები. სხვა საქონელს შორისაა კონტეინერები, ტურბინები, ლითონისა და ქვის დასამუშავებელი დანადგარები, მონიტორები, პროექტორები, კონსოლები პანელები.
BBC News-ის ცნობით, ექსპორტის აკრძალვა შეეხება იმ 48 ქვეყანას, რომლებმაც, რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, „რუსეთის წინააღმდეგ არამეგობრული ქმედებები გამოიჩინეს“.
ამ ნაბიჯმა უკვე იმოქმედე კომპანია Stellantis-ზე, რომელიც განცხადებაში წერს, რომ რუსეთში მანქანების იმპორტსა და ექსპორტს აჩერებს. კომპანიას ქარხანა ქალაქ კალუგაში აქვს და იქიდან წლის დასაწყისში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დაიწყო Citroёn Jumpy-ს, Peugeot Expert-ის და Opel Vivaro-ს ექსპორტი. ავტომწარმოებლისთვის ეს საკმაოდ დიდი დარტყმაა, რადგან Stellantis-ს სურდა, რომ კალუგის ქარხანა გამხდარიყო ევროპის, ლათინური ამერიკისა და ჩრდილოეთ აფრიკისთვის ძრავებისა და მანქანების მიწოდების საექსპორტო ჰაბი.
რუსეთში ოპერაციები შეაჩერეს Hyundai-მ და Kia-მაც, რომლებიც ამ ქვეყანაში ასევე ფლობენ საწარმოებს.
„Hyundai Motor Company ღრმად შეშფოთებულია უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო. ვადასტურებთ, რომ შემდეგ შეტყობინებამდე ვწყვეტთ რუსეთში ოპერირებას“, — წერს ავტომწარმოებელი განცხადებაში.
აკრძალვის შესახებ უახლოეს დღეებში ალბათ უფრო ბევრს გავიგებთ; ცნობილია, რომ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს ტოვებენ, რუსეთის ხელისუფლება აქტივების ნაციონალიზაციით ემუქრება. იქვე აფრთხილებს, რომ რუსეთში დაბრუნება რთული იქნება, მაგრამ კომპანიებს ასეთი მუქარა მაინც არ აჩერებთ და რუსეთს ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ.