SLS AMG Electric Drive მოდელი Mercedes-Benz-მა მხოლოდ 100 ეგზემპლარად გამოუშვა. ერთ-ერთი მათგანი ახლა კერძო გაყიდვების ვებსაიტ RM Sotheby-ზე იყიდება.
მანქანა 2012 წელს პარიზის ავტოშოუზე წარმოადგინეს, მყიდველებს კი შემდეგ წელს ჩაბარდათ. Audi R8 e-tron-ის მსგავსად, SLS AMG Electric Drive ბაზარზე მაშინ შევიდა, როდესაც იქ ელექტრომობილები ჯერ თითქმის არ იყო. ამავე დროს, ძალიან ძვირიც ღირდა, 400 000 ევროზე მეტი; შესაბამისად, არც ისე გასაკვირია, რომ კომპანიამ ის ასე ცოტა ეგზემპლარად გამოუშვა.
ეს კონკრეტული SLS AMG Electric Drive შვეიცარიაში გაიყიდა, მაგრამ ამჟამად ნიდერლანდებში იმყოფება. ოდომეტრი გავლილ მანძილად 3800 კილომეტრს უჩვენებს, ბოლო სერვისი კი მანქანას 2018 წელს, 2297 კმ-ის გავლის შემდეგ აქვს ჩატარებული.
SLS AMG Electric Drive-ს ენერგიით ამარაგებს ოთხი ელექტროძრავა, რომლებიც ჯამში 740 ცხენის ძალას და 1000 ნიუტონ-მეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებენ. თითოეული ძრავის ბრუნი 13,000 rpm-ია და მხოლოდ 45 კგ-ს იწონის. ძრავები დაკავშირებულია 60 კვტ/სთ ლითიუმ-იონურ ბატარეებთან, რომელთა სრულად დამუხტვის შემთხვევაშიც, მანქანა 250 კმ-ს გადის.
და ბოლოს, ვებსაიტზე ეს კონკრეტული ეგზემპლარი 1,050,000 ევროდ იყიდება.