BRZ-ისა და 86-ის სპორტული კუპეების შემდეგ, Subaru და Toyota ახალი მასობრივი წარმოების ელექტრო მოდელის შესაქმნელად კვლავ შეამხანაგდნენ. გასულ თვეში Toyota bZX4-ის პრეზენტაციის შემდეგ, ახლა Subaru-ს ჯერი დადგა, რომ საკუთარი ვერსია წარმოედგინა, სახელად Solterra, რომელიც ლათინურად „მზისა“ და „დედამიწის“ შესატყვისის კომბინაციას წარმოადგენს.
არავის გაუკვირდება, რომ Solterra დიდწილად bZX4-ს ჰგავს, თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ მცირე, ძირითადად კოსმეტიკურ სხვაობებს ექსტერიერსა და ინტერიერში.
ორივე კომპაქტურ ქროსოვერს ჯერ ოფიციალურად პროტოტიპი ეწოდება, მაგრამ ზოგიერთი ბაზრისთვის, მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკისთვის განკუთვნილი მოდელები 99,9 პროცენტით მზად არის საწარმოოდ.
აგებულია იმ e-TNGA ელექტრო არქიტექტურაზე, რომელიც Toyota-მ Subaru-სთან ერთად შექმნა. Solterra-ს სიგრძე 4 690 მილიმეტრია, სიმაღლე 1860X1650 მმ, სიგანე კი 2850 მმ, ანუ ზუსტად იგივე, რაც Forester-ი.
Toyota ტყუპისცალის მსგავსად, Solterra-ც ორი კონფიგურაციით არის ხელმისაწვდომი; წინა წამყვანი თვლების მქონე მოდელს აქვს ერთი ელექტრო ძრავა 201 ცხენის ძალით, ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსიას კი თითო ძრავა თითოეულ ღერძთან, ჯამში 215 ცხენის ძალით. იაპონიაში ორივე მოდელს 71,4 კვტ/სთ ბატარეები ექნებათ, რომლითაც FWD ვერსია დაახლოებით 530 კილომეტრს გაივლის, AWD კი 460 კილომეტრს.
Subaru-ს განცხადებით, ელექტრო ქროსოვერის გლობალური გაყიდვები 2022 წლის შუიდან დაიწყება.