ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში Tesla-ს ავტომობილი ხეს შეეჯახა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მანქანა ავტომატური მართვის რეჟიმში მუშაობდა და მძღოლის ადგილას არავინ იჯდა.

2019 წლის Tesla Model S მაღალი სიჩქარით მოძრაობდა, მკვეთრ მოსახვევში შესვლა ვერ შეძლო, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და აალდა.

ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ, ადგილობრივმა სამსახურებმა მანქანაში ორი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს; ერთი მათგანი წინა მგზავრის სავარძელზე იჯდა, მეორე კი უკანა სავარძელზე.

ამ ეტაპზე კომენტარს არც Tesla აკეთებს და არც აშშ-ის ავტომაგისტრალებზე მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია.

Tesla-ს ნახევრად ავტომატური მართვის სისტემით აღჭურვილი მანქანების ავარიები ბოლო დროს გახშირდა. ამასობაში კომპანია სრულად თვითმართვადი პროგრამული უზრუნველყოფის გამოსაშვებად ემზადება.

მარტში აშშ-ის ავტოსატრანსპორტო უსაფრთხოების სააგენტომ განაცხადა, რომ Tesla-ს მანქანების 27 ავარიას იძიებს; მათგან სამი ცოტა ხნის წინ მოხდა.

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა იანვარში აღნიშნა, რომ სრულად თვითმართვადი პროგრამული უზრუნველყოფით დიდ მოგებას ელოდება, რადგან ძლიერ დარწმუნებულია, რომ წელსვე, ამ სისტემით აღჭურვილი მანქანა თავად შეძლებს საიმედოდ სიარულს ადამიანის ჩარევის გარეშე.

კომერციული წარმატების მიღწევამდე, თვითმართვადმა ტექნოლოგიამ უსაფრთხოების ნორმები უნდა დააკმაყოფილოს და მარეგულირებელთა ავტორიზაცია მიიღოს.