ელექტრომობილების სტრატეგიების შესახებ მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე, ტოიოტას ხელმძღვანელმა აკიო ტოიოდამ საავტომობილო სამყარო შოკში ჩააგდო — წარმოადგინა 15 სრულად ელექტრო მანქანის კონცეპტი, რომლებიც წინასწარ გვიჩვენებს Toyota-სა დაLexus-ის მომავალ მოდელებს.
ეს გახლავთ კონცეპტუალური მანქანების ალბათ ისტორიაში უდიდესი ჩვენება, რომელიც მოიცავს თითქმის ყველაფერს, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ, ქალაქის მანქანებიდან, სედანებიდან, ყველა ფორმისა და ზომის SUV-დან და პიკაპებიდან დაწყებული, სპორტული მანქანებით დამთავრებული. ზოგიერთი მათგანი უკვე არსებულ მოდელებს ეფუძნება, მაგრამ რამდენიმე ახალი მანქანა ელექტრო e-TNGA არქიტექტურას.
აიკიდო ტოიოდა მანქანების ორ ტიპად კატეგორიზაციას ახდენს — ნახშირბადშემცირებულ მანქანებად (ჰიბრიდული ელექტრომობილები, დატენვადი ჰიბრიდები) და ნახშირბადნეიტრალურ მანქანებად (სრულად ელექტრომობილები და ა. შ.). მისი განცხადებით, Toyota მათში თავის შესაძლებლობათა მაქსიმუმს ჩადებს.
პრეზენტაცია დაიწყო Toyota bZ ხაზით („ნულს მიღმა“), რომელიც მოიცავს bZ4X-ს და ოთხ ახალ კონცეპტს; ყველა მათგანი e-TNGA არქიტექტურას ეფუძნება. მათ შორის არის სპორტული კომპაქტური ქროსოვერი კუპეს სტილის სახურავით, B-SUV დიზაინი ევროპისა და იაპონიისთვის, მაღალი, საშუალო ზომის სედანი, რომელიც Tesla Model 3-ის კონკურენტი უნდა გახდეს და დიდ ოჯახზე ფოკუსირებული სამრიგიანი SUV-ი.
„მომავლის შოურუმი“, როგორც მას აკიო ტოიოდამ უწოდა, ფარდებს მიღმა ელექტრომობილთა მთელ კრებულს მალავდა. Lexus-ის ბრენდის ხაზი მოიცავს მის პირველ ელექტრომობილს, სახელად RZ, რომელიც LF-Z Electrified concept-ის საწარმოო ვერსიაა. შემდეგ არის სპორტული ელექტრომობილი, რომელიც მყარსხეულიანი ბატარეების წყალობით სავარაუდოდ 700 კილომეტრს დაფარავს, 0-100 კმ/სთ სიჩქარეს კი 2 წამში განავითარებს.
ასევე არის დიდი SUV-ების სრულზომიანი პროტოტიპები და ჯერ უსახელო, Lexus-ის ბრენდის სპორტული სედანი.
აკიო ტოიოდამ ასევე გვიჩვენა მოდელების კიდევ ერთი სერია, რომელსაც მან „მრავალფეროვანი Toyota EV-ები“ უწოდა. მათ შორის არის კომერციული მანქანები, მაგალითად, ავტონომიური შატლი ავტობუსი, ბიზნესისა და დასვენებისთვის განკუთვნილი კომპაქტური ფურგონი და უნივერსალური ურბანული ელექტრომობილი. იქვეა Toyota-ს პირველი ელექტროპიკაპი, რომელიც ზომების თვალსაზრისით Hilux-ის ან Tacoma-ს მსგავსი იქნება, მაგრამ მიიღებს Tundra-თი შთაგონებულ თანამედროვე დიზაინს.
პატარა SU EV-ი ელექტრო CH-R-ს ჰგავს, მაგრამ აქვს დინამიკური დიზაინი; Crossover EV-ი ექსტერიერის დიზაინის თვალსაზრისით ოდნავ უფრო დიდი და ნაზია. და ბოლოს, არის ელექტრო სპორტქარიც შუაძრავიანი პროპორციითა და ორადგილიანი სალონით, რომელიც შეიძლება მომავალი MR2 გახდეს.
ყველა ზემოთ ხსენებული მანქანა წარმოადგენს ნაწილს Toyota-ს და Lexus-ის მიზნისა, რომ 2030 წლამდე შექმნას 30 ელექტრომობილი, მათი გლობალური გაყიდვები კი წელიწადში 3,5 მილიონზე ავიდეს. 2030 წლისთვის, Lexus-ს ყველა სეგმენტისთვის განკუთვნილი ელექტრომობილი ეყოლება და ელექტრობრენდი გახდება ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ჩინეთში; ვარაუდობს, რომ წელიწადში მილიონ ელექტრომოდელს გაყიდის. 2035 წლისთვის, Lexus-ის გაყიდვების 100 პროცენტს ელექტრომობილები უნდა შეადგენდეს.
ამ მიზნების მისაღწევად, იაპონური კომპანია ბატარეების წარმოებაში 2030 წლამდე 17,6 მილიარდ დოლარს ჩადებს. Toyota-ს დაLexus-ს სურთ, რომ 2035 წლისთვის ნახშირბადნეიტრალურები გახდნენ.