Toyota-ს პრეზიდენტი აკიო ტოიოდა კომპანია Apple-ს აფრთხილებს, რომ მანქანების ბიზნესში შესვლა ფრიად რთული წამოწყებაა.

იაპონიის ავტომწარმოებელთა ასოციაციის პრესკონფერენციაზე ტოიოდამ აღნიშნა, რომ საავტომობილო ინდუსტრია ახალი კომპანიების შემოსვლას მიესალმება, მაგრამ მანქანების გამოშვების შემდეგ, ისინი მზად უნდა იყვნენ სულ მცირე 40 წლის განმავლობაში მომხმარებლებთან ურთიერთობისა და მრავალი ცვლილებისთვის.

საავტომობილო ინდუსტრიაში ზოგი ფიქრობს, რომ Apple-მა ეს სფეროც შეიძლება ისევე არიოს, როგორც ამას წლების განმავლობაში უკეთებს ტექნოლოგიების სექტორს; თუმცა, Volkswagen-ის ხელმძღვანელი ჰერბერტ დისი აღნიშნავს, რომ Apple საავტომობილო ინდუსტრიაში ერთ ღამეში ვერ შემოვა.

სიტყვით გამოსვლისას ტოიოდამ ასევე აღნიშნა, რომ ტექნოლოგიურ კომპანიებს აქვთ პოტენციალი, საავტომობილო ინდუსტრიას ახალი სიცოცხლე შთაბერონ და მომხმარებლებს უფრო ფართო არჩევანი შესთავაზონ, მაგრამ ამ კომპანიებს ასევე სჭირდებათ მზად იყვნენ პასუხისმგებლობისთვის თავიანთ მანქანების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

შეგახსენებთ, რომ Apple ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც მოწინავე ნახევრად ავტონომიური ტექნოლოგიები ექნება, მაგრამ სავარაუდოდ, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება. ტექნოლოგიური გიგანტი მანქანის ერთობლივად გამოშვების შესახებ წლის დასაწყისში მოლაპარაკებებს აწარმოებდა კორეულ Hyundai-სთან, მაგრამ შეთანხმება ვერ შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, Apple-თან მუშაობით დაინტერესებული იყო Nissan-იც, მაგრამ იაპონური ავტომწარმოებლის ხელმძღვანელმა ეს ინფორმაცია უარყო.