Toyota-ს პრეზიდენტი აკიო ტოიოდა ელექტრომანქანების მზარდ სტიმულირებას არ მიესალმება და შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ პოლიტიკოსები ზედმეტად მკაცრები არიან შიგაწვის ძრავზე მომუშავე ავტომობილების აკრძალვის საკითხში.

იაპონიის ავტომწარმოებელთა ასოციაციის კონფერენციაზე გამოსვლისას, რომელსაც ის თავმჯდომარეობს, ტოიოდამ განაცხადა, რომ იაპონიას ზაფხულში ელექტროენერგია აღარ ეყოფა, ყველა მანქანა რომ ელექტრო გახდეს. მისივე თქმით, ელექტრომანქანებზე სრულად გადასვლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ქვეყანას 135-დან 358 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება.

„როდესაც პოლიტიკოსები ამბობენ, ‘მოდი, თავი დავაღწიოთ ბენზინზე მომუშავე მანქანებს’, აცნობიერებენ, რას იძახიან?“, — აღნიშნა ტოიოდამ და იქვე დასძინა, რომ თუ იაპონია შიგაწვის ძრავებს აკრძალავს, საავტომობილო ინდუსტრიის ამჟამინდელი ბიზნესმოდელი კოლაფსის წინაშე აღმოჩნდება.

ელექტრომობილების კრიტიკა ტოიოდას ამით არ დაუსრულებია და იქვე დაამატა, რომ იაპონია ელექტროენერგიის დიდ ნაწილს ქვანახშირისა და ბუნებრივი გაზის წვის შედეგად იღებს, რის გამოც, ელექტრომობილები გარემოს გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს. „რაც უფრო მეტი ელექტრომობილი იქნება, მით უფრო მეტი ნახშირორჟანგი გვექნება“.

მიუხედავად იმისა, რომ ჰიბრიდულ და წყალბადის საწვავის ტექნოლოგიებში მოწინავეა, Toyota საკმაოდ დიდხანს, ჯიუტად გაურბოდა ელექტრომობილებს. თუმცა, ბოლო დროს ამ იდეის მიმართ კომპანია უფრო გახსნილი გახდა და რამდენიმე მოდელზე მუშაობა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, Toyota ინდუსტრიაში წამყვანი გახდება მყარი ბატარეების წარმოებით და სავარაუდოდ, ამ ტექნოლოგიის პროტოტიპს მომავალ წელს წარმოადგენს.