Jaguar Land Rover-ი მიზნად ისახავს, რომ სრულად ელექტრო ბრენდი გახდეს. ამ გეგმის ფარგლებში, Jaguar-ის მხარეს ფლაგმანურ SUV-ს J-Pace დაერქმევა და თითქმის იმავე არქიტექტურას დაეფუძნება, რასაც შემდეგი თაობის XJ.

გავრცელებული ინფორმაციით, მანქანის წარმოება კასტლ-ბრომოვიჩის ქარხანაში მოხდება. იმისათვის, რათა ელექტრომობილების წარმოებაზე მოერგო, JLR-მა ამ ქარხანაში ერთი მილიარდი გირვანქა სტერლინგის ინვესტიცია განახორციელა. თანდათანობით, სწორედ იქ გადაინაცვლებს ბრიტანული ბრენდის სრულად ელექტრო მოდელების წარმოება.

იმისათვის, რათა Tesla Model X-ს სათანადო კონკურენცია გაუწიოს, J-Pace-ის ერთი დატენვით გარბენის მანძილი 482 კმ იქნება. აღიჭურვება ოთხივე წამყვანი თვლის სისტემით და ექნება პლატფორმა, რომელსაც 100 კვტ/სთ მოცულობის ბატარეების ტარებაც შეეძლება.

გამოცემა AutoExpress-ის ცნობით, J-Pace დიზაინის გარკვეულ ელემენტებს მიიღებს I-Pace-ისგან, მაგრამ მისი პროფილი უფრო F-Pace-ის მსგავსი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მას უფრო ტრადიციული იერი უნდა ჰქონდეს. განმსაზღვრელ მახასიათებელთა შორის იქნება დახურული ცხაურა და Jaguar-ისთვის დამახასიათებელი წვრილი LED ფარები.

მიუხედავად იმისა, რომ J-Pace-ი Jaguar-ის ფლაგმანი მანქანის სტატუსს დაიკავებს, კომპანიის დიზაინის ხელმძღვანელი ჯულიან ტომპსონი აღნიშნავს, რომ ასევე დაინტერესებულია უფრო პატარა ავტომობილებითაც.

ამ ეტაპზე, პატარა არასპორტული მანქანა, რომელსაც Jaguar-ი უშვებს, არის E-Pace ქროსოვერი.