Viritech-ი ბრიტანული კომპანიაა, რომელიც წყალბადის ძალურ აგრეგატებშია სპეციალიზებული. ახლახან, მან წარმოადგინა ჰიპერქარ Appricale-ს საბოლოო, საწარმოო ვერსია, რომელსაც 1073-ცხენისძალიანი FCEV ძრავა აქვს, იწონის 1000 კილოგრამზე ნაკლებს და დიზაინი Pininfarina-ს მიერ არის შექმნილი. Appricale-ის დებიუტი გუდვუდის სიჩქარის ფესტივალზე შედგე, ბაზარზე კი 2024 წლის დასაწყისში გავა.
Viritech-ის Graph-Pro ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც მსუბუქ კომპოზიტებს და გრაფენის შემცველ ფისოვან სისტემას იყენებს, წყალბადის ავზები ნახშირბადის ბოჭკოს მონოკოკური შასის სტრუქტურული კომპონენტია, რაც ამავე დროს, წონასაც ამცირებს. კომპანიის განცხადებით, ორ ელექტროძრავას ენერგიას აწვდის „მრავალ ასეულ კილოვატიანი სათბობი ელემენტები და 6-კილოვატიანი Ultra High Power ლითიუმ-იონური ბატარეები“.
700-ბარიანი 5,4-კილოგრამიანი წყალბადის ავზების ერთი გავსებით, მანქანა 560 კილომეტრს დაფარავს. სისტემის საერთო სიმძლავრე 1073 ცხენის ძალა და 1000 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტია. კომპანიის განცხადებით, 0-97 კმ/სთ სიჩქარეს მოდელი დაძვრიდან 2,5 წამზე ნაკლებში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 322 კმ/სთ-ია.
წყალბადის ჰიპერქარი 2021 წლის ვერსიასთან შედარებით, სრულიად შეიცვალა. Viritech Apricale შეზღუდული რაოდენობით, Pininfarina-ს დახმარებით გამოვა, მხოლოდ 25 ეგზემპლარად. გამოცემა Autocar-ის ცნობით, მოდელის ფასი დაბეგვრის გარეშე 1,8 მილიონი დოლარი იქნება.