2035 წლისთვის Volkswagen-ი ევროპაში შიგაწვის ძრავებზე მომუშავე მანქანების გაყიდვას შეწყვეტს და მთლიანად ელექტრომანქანებზე გადავა.
გერმანულ გაზეთ Muenchner Merkur-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, Volkswagen-ის გაყიდვების ხელმძღვანელი კლაუს ცელმერი აღნიშნავს, რომ კომპანია შიგაწვის ძრავიანი მოდელების გაყიდვას ცოტა უფრო დიდხანს გააგრძელებს აშშ-სა და ჩინეთში.
„ევროპაში შიგაწვის ძრავიანი მანქანების ბიზნესიდან 2033-2035 წლებს შორის გავალთ, აშშ-სა და ჩინეთში კი ცოტა მოგვიანებით. სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში ეს პროცესი უფრო გვიან მოხდება, რადგან იქ ჯერ კიდევ არ არსებობს სათანადო პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული გეგმები“, — ამბობს ცელმერი.
მან გამოცემას ასევე გაუმხილა, რომ VW-ის მთლიანი ფლოტი სულ მცირე 2050 წლისთვის იქნება მთლიანად CO2 ნეიტრალური. აღსანიშნავია, რომ ასეთი მიზნები მხოლოდ ბრენდ Volkswagen-ს ეხება და არა მთლიანად VW Group-ს. ევროკავშირის ახალი სტანდარტების მიხედვით, 2030 წლისთვის მანქანების მიერ CO2-ის გამონაბოლქვის 60 პროცენტით უნდა შემცირდეს, 2035 წლისთვის კი 100 პროცენტით. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომწარმოებელი ამ თარიღს იქით შიგაწვის ძრავიან მოდელს ვეღარ გაყიდის.
ცოტა ხნის წინ Audi-მ დაადასტურა, რომ 2026 წლიდან ის მხოლოდ ელექტრომობილებს გამოუშვებს, 2033 წლიდან კი შიგაწვის ძრავიან მოდელებს მთლიანად ამოიღებს. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს იმასაც, რომ შიგაწვის ძრავიან მოდელთა წარმოების შეწყვეტის თარიღები შეიძლება შეიცვალოს მომხმარებელთა მხრიდან მოთხოვნისა და კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე დროს, Audi ვარაუდობს იმასაც, რომ ჩინეთში 2033 წლის შემდეგაც იქნება შიგაწვის ძრავიან მანქანებზე მოთხოვნა და მათ წარმოებას ადგილზევე გეგმავს.