მხოლოდ ორი პატარა ასო: GT. თქვენ მათ ძალიან ბევრ მანქანაზე ხედავთ, Hyundai-დან დაწყებული, Ferrari-თ დამთავრებული. თავდაპირველად მას მხოლოდ Maserati იყენებდა საკუთარ მანქანებში, შემდეგ მთელი იტალიური საავტომობილო ინდუსტრია.
რას ნიშნავს ეს ორი ასო სინამდვილეში და რისთვის ვიყენებთ?
დღეს ის უბრალოდ არაფერს ნიშნავს. წარსულში GT-ს სპეციფიკური დანიშნულება ჰქონდა და პირდაპირ იყო დაკავშირებული იმასთან, რისთვისაც იყო ეს ასოები განკუთვნილი. 1980-იან წლებში მას იმდენად ცუდად და ზედმეტად იყენებდნენ, რომ თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა. დღეს ეს ავტომწარმოებელზეა დამოკიდებული. ზოგისთვის ის სპორტული მანქანის სინონიმია, ზოგისთვის კი საშუალოდ სპორტული კომპლექტაციის. ზოგჯერ ის კომპანიის ყველაზე ექსტრემალურ სუპერქარებს აღნიშნავს.
თუმცა, საფუძველში, GT ნიშნავს სპორტულობის გარკვეულ დონეს. ნახავთ სარბოლო მანქანებზეც კი.
GT ნიშნავს „gran turismo“, იგივე „grand touring“-ს. მიუხედავად იტალიური წარმოშობისა, სადაც პირველად მოიგონეს ტერმინი gran turismo, ისტორიასთან ერთად მნიშვნელობაც დაკარგა. არადა, თავდაპირველად განსზღვრება მკაფიო იყო: GT მანქანა სპორტულსა და მდიდრულ მანქანას შორის თავსდებოდა. უნდა ჰქონოდა დიდი ძრავა, კომფორტული რაიდი, მდიდრული ინტერიერი და ელეგანტური ძარა. უნდა ყოფილიყო არა მხოლოდ სწრაფი, არამედ სათანადო სიტუაციაში სპორტული მანქანების თვისებებიც უნდა ჰქონოდა, დანარჩენ დროს კი უბრალოდ მდიდრული მანქანა ყოფილიყო.
ტერმინი პირველად 1920-იან წლებში გამოჩნდა. მისმა გამოყენებამ ზენიტს 1950-1960-იან წლებში მიაღწია. სულ პირველად აღნიშნავდა პრაქტიკულ, მდიდრულ სპორტულ კუპეს, რომელსაც მაღალი სიჩქარით კონტინენტის გადაკვეთა ისეთივე ადვილად შესძლებოდა, როგორც უღელტეხილის გავლა.
პირველი GT მანქანა იყო 1930 წლის Alfa Romeo 6C 1750 Gran Turismo. 1929 წელს Alfa Romeo-მ 6C 1750 მოდელი ორი სხვადასხვა, 1.75-ლიტრიანი ძრავით განაახლა. შედარებით სუსტ, ზედა ერთმაგი აირგამანაწილებელი ლილვის მქონე მოდელს Turismo უწოდეს, უფრო მძლავრ, ზედა ორმაგი აირგამანაწილებელი ლილვის მქონე მოდელებს კი Sport-ი, Super Sport-ი, Super Sport Compressore (ჩაბერვიანი) და Super Sport Testa Fissa. 1930 წლისთვის, Sport და Super Sport Compressore მოდელებს Gran Turismo და Gran Turismo Compressore უწოდეს. შეიმუშავეს Gran Sport მოდელის, რამაც წარმოშვა დღემდე გამოყენებადი სახელი GS.