Mercedes-Benz-ი ადასტურებს, რომ მომავალი EQS ელექტრო სედანი ერთი დამუხტვით 770 კილომეტრის გავლას შეძლებს.

გერმანული ავტომწარმოებელი აქამდეც ხშირად აღნიშნავდა, რომ EQS-ის გარბენის მანძილი 700 კილომეტრზე მეტი იქნებოდა, მაგრამ კონკრეტულ რიცხვს არ ასახელებდა.

ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, ახალ EQS-ს 15 აპრილს ვიხილავთ, ევროპის ბაზარზე ის აგვისტოში გავა, ჩრდილოეთ ამერიკაში კი წლის ბოლოსკენ. მანქანას სავარაუდოდ ექნება რამდენიმე სხვადასხვაგვარი ბატარეის კომპლექტი, რომელთაგან უდიდესის ტევადობა 108 კვტ/სთ იქნება.

Mercedes-Benz-მა ცოტა ხნის წინ გვიჩვენა EQS-ის ინტერიერიც. სალონის გამორჩეული მახასიათებელი იქნება 56-ინჩიანი დისპლეი, რომელიც მოიცავს მაჩვენებელთა დაფას, ცენტრალურ საინფორმაციო დისპლეის და ეკრანს წინა მგზავრისთვის. მათთვის, ვისაც რაღაც უფრო ჩვეულებრივი სურს, მანქანა ხელმისაწვდომი იქნება 12,3-ინჩიანი დისპლეით, როგორიც უახლეს S-Class-შიც არის გამოყენებული.

EQS-ის ექსტერიერი საკმაოდ განსხვავებული იქნება ავტომწარმოებლის შიგაწვის ძრავიანი სხვა მოდელებისგან. მაგალითად, ექნება მასიური, ნიჟარის სტილის კაპოტი, რომელიც არ აიხდება და შესაბამისად, იქ საბარგულიც არ განთავსდება.